თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ (Brexit).
აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია შარლ მიშელის Twitter-ზე.
Today I signed the UK Withdrawal Agreement for the EU together with @vonderleyen
— Charles Michel (@eucopresident) January 24, 2020
Things will inevitably change but our friendship will remain. We start a new chapter as partners and allies.
Hâte d’écrire ensemble cette nouvelle page. pic.twitter.com/a7zmGeBwZS
„დღეს მე და ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ჩვენი მეგობრობა შენარჩუნდება. ჩვენ ახალ თავს ვიწყებთ პარტნიორებისა და მოკავშირეების სახით“, — აღნიშნა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.
შეთანხმების რატიფიკაცია 29 იანვარს უნდა მოახდინოს ევროპარლამენტმა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი და ბრიუსელი სავაჭრო ხელშეკრულებასაც გააფორმებენ.
აღსანიშნავია, რომ Brexit-ი 31 იანვრის 23:00 საათისთვის არის დანიშნული გრინვიჩის დროით (რაც თბილისის დროით 1 თებერვლის 03:00 საათს ემთხვევა), რის შემდეგაც გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
Brexit-ის შესახებ დოკუმენტს დედოფალმა ელისაბედმა 23 იანვარს მოაწერა ხელი. მანამდე ბრიტანეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის პირობების შესახებ.
თავდაპირველი გეგმით, Brexit-ი 2019 წლის 29 მარტს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პარლამენტმა რამდენჯერმე უარყო ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წინადადება ბრიუსელთან პირობების შეთანხმების თაობაზე. შედეგად, ლონდონმა ჯერ 12 აპრილამდე გადადო ევროკავშირიდან გასვლა, შემდეგ 31 ოქტომბრამდე, ბოლოს კი 2020 წლის იანვრის ბოლომდე.