თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი ქართულ პოლიტიკაში მორიგი სკანდალის საბაბად იქცა.
ინციდენტი თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა თარაშ შურღაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ხაბეიშვილს, კორუფციაზე მისი გამონათქვამების გამო, რაზეც პასუხი მიიღო. ამის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ხაბეიშვილი წააქციეს და ცემა დაუწყეს. ისინი მანდატურებმა და დანარჩენმა დეპუტატებმა გააშველეს. ოპოზიციონერ დეპუტატს ჩალურჯებული აქვს თვალი.
როგორც მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, ხაბეიშვილი სხდომაზე მის კოლეგას შეურაცხყოფას აყენებდა.
„ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმრავლესობის ყველა წევრს იდიოტი, არაკაცი და უნამუსო უწოდა. მე, რასაკვირველია, არ ვამართლებ ფიზიკურ დაპირისპირებას და ჩხუბს, მაგრამ აქ რომ ლევანი მჯდარიყო და მე შემეგინებინა, ამას ასეთივე პასუხი მოჰყვებოდა“, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხაბეიშვილი დიდი ხანია ცდილობს თავისი ქცევით და განცხადებებით ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს.
მომხდარი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემაც შეაფასა.
„მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და იყოს მიღებული უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მომხდარიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ქალაქის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
როგორც კი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები ყველა ტელეარხზე გამოჩნდა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, ისინი შენობაში არ შეუშვეს, თუმცა, ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, აღშფოთება გამოეხატათ.
„ქართულ ოცნებაში“ სხედან კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს. საკრებულოში იყო მხოლოდ ერთი ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ მათ არ ჰყოფნიდათ პოლიტიკური არგუმენტები და ამიტომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
ინციდენტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა.
„ეს არის კრიმინალური შემთხვევა, რადგან აქ არის შესაძლო დანაშაული - ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიება დაიწყება და ის აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამომდინარე იქიდან, რომ დაშავებული არის პოლიტიკური პარტიის წევრი და კონფლიქტს შეიძლება პოლიტიკური მოტივები ჰქონდეს“, - განაცხადა ლომჯარიამ.