თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ის) ტერიტორიაზე ავტომობილების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის საძირკველი ჩაყარეს, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ქარხანა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე შენდება. იქ ქართული და უცხოური ნედლეულის – ალუმინისა და თუთიის ზოდების გამოყენებით დაამზადებენ სხვადასხვა ტიპის ავტოკომპონენტებს.
საწარმო ევროპული სტანდარტების შესატყვისი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი იქნება. წარმოება მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ქარხანაში დასაქმდება ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
პირველ ეტაპზე საწარმოში 60-მდე ადამიანს დაასაქმებენ, ხოლო 2021 წლისთვის მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. ყველა სპეციალურ გადამზადებას ჩინეთში, ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლის.
კომპანიამ თანამშრომლების პირველი ჯგუფი გადამზადებაზე უკვე გაგზავნა. მეორე ჯგუფის გამგზავრება 2020 წლის აპრილში იგეგმება.
ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს „სდტ ჯორჯია" (SDT Georgia) აშენებს, მისი წარმომადგენელი ბიზნესმენი ჯაკომო ძამატიო ანალოგიური ტიპის ქარხნებს ფლობს ჩინეთში და იტალიაში.
პროდუქცია ექსპორტზე გავა ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. პირველ წელს 5 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის გატანა იგეგმება.
საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა>>
ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.