თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ტარდება.
გრიპი უკან არ იხევს: ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გახშირდა >>
საქართველოში წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი. იანვრის პირველ კვირაში 100 ათას ადამიანზე ინფიცირების 191 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე კვირაში ეს მაჩვენებელი 219-მდე გაიზარდა. მესამე კვირაში 216 შემთხვევა იყო. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ განაცხადა, რომ გრიპის აცრა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე სრულიად უსაფრთხოა.
„ორსულმა ქალებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ. გრიპის სეზონის განმავლობაში ორსულობის ყველა ეტაპზე ორსულებს ენიშნებათ ვაქცინაცია. ის სრულიად უფასოა", – განაცხადა იმნაძემ.
ორსულებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება ჩაიტარონ კლინიკებში:
გლდანის რაიონი:
„მედკაპიტალ გლდანი“, ვეკუას 18
№24 ბავშვთა პოლიკლინიკა, ლიბანის 1
„მედისონ 1“, მუხიანი, გობრონიძის 27
ქართულ-გერმანული „მედჰაუსი“, გლდანის მე-3 მიკრორაიონი, მემედ აბაშიძის 7
„მედი+“, ავჭალა, ლიბანის 15
„დეა“, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა №28
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი
№7 პროფცენტრი, წერეთლის 19
ვაკე-საბურთალოს რაიონი
„მედკაპიტალი“, გამრეკელის 19
„კავკასიის მედცენტრი“, ქავთარაძის 23
„მედისონ 2“, ვაჟა-ფშაველას №83/11
ისნის რაიონი
„მედისონ 3“, ვარკეთილი, კალაუბნის 12
მთაწმინდა-კრწანისის რაიონი
„უნიკა“, გორგასლის 8
ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 66%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, რომელიც კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმით ხასიათდება. ამიტომაც შარშანდელთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნაკლებია. დანარჩენი არის A ტიპის ვირუსის ორი ქვეტიპი – H3 და H1, ასევე რინოვირუსები.
ამ სეზონზე გრიპის საწინააღმდეგო აცრა თითქმის 3-ჯერ მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. ინფექციონისტები გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტურ ფორმას ვაქცინაციას უწოდებენ. მთავრობამ მაღალი რისკის ჯგუფებიდან 97 ათასი ადამიანი აცრა.
ამავდროულად ექსპერტები, ქვეყანაში უახლეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსახლეობას მოუწოდებენ – მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები და გაანიავონ ოთახები, მშობლებმა კი გრიპის და გაციების სიმპტომების მქონე ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღებში არ გაუშვან.