თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2018 წელს სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) დასკვნის განხილვას ეძღვნებოდა, რუსეთმა ქიმიური იარაღის გამოყენების ფალსიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდის დირექტორი მაქსიმ გრიგორიევი, რომლის თქმითაც, მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც სირიაში ათზე მეტჯერ იყვნენ, რამდენიმე ასეული თვითმხილველი გამოკითხეს, მათ შორის, ქალაქ დუმის საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტები.
„ჩვენ ასევე გამოვკითხეთ დუმაში მდებარე იმ სახლის ათი მცხოვრები, რომელშიც ცხედრები იპოვეს, ასევე 300 ადამიანი შენობიდან ერთი კილომეტრის რადიუსში — სადაც ასევე იყო აღმოჩენილი ცხედრები. ამ მოწმეების ჩვენებები უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ დუმაში ქიმიური შეტევა ფალსიფიცირებული იყო“, — განაცხადა გრიგორიევმა.
მან წაიკითხა ზოგ მოწმესთან საუბრის ჩანაწერი, რომელთა თქმითაც, დუმის საავადმყოფოში ქიმიური შეტევით დაზარალებულები არ შეუყვანიათ. გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს წევრებს წარუდგინეს OPCW-ს მისიის ყოფილი ექსპერტის იენ ჰენდერსონის ვიდეომიმართვა, რომელიც დუმაში მუშაობდა.
„მივლინებული იყო ორი ჯგუფი. პირველს მე მას შემდეგ შევუერთდი, რაც ის დუმაში განთავსდა <...> შემაჯამებელ მოხსენებაში დასკვნები ეწინააღმდეგებოდა, ან სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც ჯგუფმა დუმაში ყოფნისას გაარკვია. შუალედური მოხსენების გამოქვეყნების მომენტისთვის, 2018 წლის ივლისში, ვაცნობიერებდით, რომ სერიოზული ეჭვი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმიური შეტევა მოხდა“, — აღნიშნა ორგანიზაციის ყოფილმა ექსპერტმა.
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ OPCW-ს მოხსენების კრიტიკული ანალიზის შედეგად ჩნდება კითხვები დოკუმენტის ძირითადი დასკვნების მიმართ — იქნება ეს ქიმიური ანალიზი, ტოქსიკოლოგია, ბალისტიკა თუ მოწმეთა ჩვენებები. მოსკოვის აზრით, 2019 წელს გაჩნდა არაერთი ინფორმაცია, რომელთა თანახმადაც, თავდაპირველი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ინსპექტორები არ მონაწილეობდნენ მოხსენების მომზადებაში. გარდა ამისა, ამ ადამიანების შეკითხვები და ასევე შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ დაკვირვების შედეგები და მოხსენება ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ყურადღების მიღმა რჩებოდა. ყოველივე ეს ეჭვქვეშ აყენებს შემაჯამებელი მოხსენების სამართლიანობას.
მიუხედავად ამისა, ზოგი ქვეყანა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაგრძობდა სირიის დადანაშაულებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. კერძოდ, ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სვენ იურგენსონმა განაცხადა, რომ ენდობა „ფაქტების დადგენის მისიის დამოუკიდებელ და პროფესიონალურ მუშაობას“. მისი თქმით, „OPCW-ს მოხსენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“.
მოხსენება ქიმიური შეტევის შესახებ
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) გასული წლის მარტში გამოაქვეყნა მოხსენება იმ ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დუმაში 2018 წლის აპრილში მოხდა. დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ქიმიური შეტევისას გამოიყენებოდა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება — დიდი ალბათობით, ქლორი, რომლით სავსე ბალონებიც ჰაერიდან ჩამოყარეს. ამან დასავლეთის ზოგ ქვეყანას საფუძველი მისცა, შეტევაში სირიის ავიაცია დაედანაშაულებინა.
თუმცა მოგვიანებით გასაჯაროვდა OPCW-ს ექსპერტის იენ ჰენდერსონის საინჟინრო შეფასება, რომლის თანახმადაც, ქლორის ბალონები, დიდი ალბათობით, ჰაერიდან კი არ ჩამოიყარა, არამედ მიიტანეს და დადეს. გარდა ამისა, ჰენდერსონის ჯგუფმა რამდენიმე ტესტიც ჩაატარა ვითარების იმიტირებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთ შემთხვევაში ბალონის სავარაუდო დაცემის კვალი არ ემთხვეოდა ბეტონის სახურავის დაზიანებას, ხოლო მეორე შემთხვევაში ბალონის სარქველი ხელუხლებლად იყო შერჩენილი, რაც შეუძლებელია, თუ ის სახურავს ჩაანგრევდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბალონების ჩაყრის მიზანი — მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებაში სირიის არმიის დადანაშაულებაა, რათა ამ გზით ტერორისტებს ხელი დააფარონ და გაამართლონ შესაძლო ძალისმიერი დარტყმები გარედან.