თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი უარყოფს ბრალდებებს სირიის ჩრდილოეთში ჩატარებული ოპერაციისას ფოსფორის გამოყენების ფაქტს, განაცხადა თურქეთის ელჩმა მოსკოვში მეჰმეთ სამსარმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების დეზინფორმაციული განცხადებები — ეს გავრცელებული მოვლენაა. ჩვენ უარვყოფთ ამ განცხადებებსა და ამ ბრალდებას... თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს ქიმიური და სხვა აკრძალული იარაღი“, — აღნიშნა ელჩმა.
სამსარის თქმით, თურქეთი 1997 წლიდან არის ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და ასევე მისი განადგურების კონვენციის წევრი და ქვეყანა განუხრელად ასრულებს ყველა ვალდებულებას.
მანამდე „სირიის დემოკრატიული საბჭოს“ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ილჰამ აჰმედმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისას ფოსფორი გამოიყენა.
თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყო მიმართული, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, რის შესახებაც თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა აცნობა მსოფლიოს.