თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ინფორმაცია ადგილობრივ მასმედიაში ვრცელდება.
The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. კინოფესტივალზე ფილმი სულ 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებულად. მათ შორის მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის შვედეთის მთავარი კინოჯილდოს მფლობელი გახდა მსახიობი ლევან გელბახიანი. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულია ასევე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის კატეგორიაში. The guldbagge Awards შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა. იგი 1964 წლიდან ტარდება.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.
ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა.
მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.