თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ევროკავშირი აკვირდება ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებულ ვითარებას, განაცხადა ევროკომისიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.
„ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. კომისია, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით, და ასევე წევრი ქვეყნები ვითარებას აკვირდებიან, განსაკუთრებით, ჩინეთში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში დადასტურებული პნევმონიის შემთხვევებს“, — განმარტა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ჩინეთი ევროკომისიას ყველა აუცილებელ ინფორმაციას აწვდის და ქვეყანაში „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“.
„ჩვენც იმავეს ვაკეთებთ... ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა ევროპის მოსახლეობის ჯანმრთელობა გარანტირებული იყოს“, — აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში. 20 იანვრის მონაცემებით, სულ დარეგისტრირებულია დასნებოვნების 291 შემთხვევა. აქედან ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის ფარგლებს და დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში.
ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.