თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსეთში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელმაც პენსიონერს ფული გამოსძალა – თითქოსდა მისი შვილისთვის ჯადოს მოხსნის საბაბით.
შემთხვევა პოდმოსკოვიეში მოხდა, კოროლიოვში.
გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის ქალი ქუჩაში მიმავალ პენსიონერთან მივიდა და განუცხადა, რომ ჯადო ჰქონდა გაკეთებული, რასაც მისი შვილი შეეწირებოდა. მოხუცმა ქალმა დაიჯერა თაღლითის ნათქვამი და ჯადოს მოსახსნელი რიტუალის ჩასატარებლად შინ მიიწვია.
პენსიონერმა თაღლითს ფული და ოქროს ნაკეთობები გადასცა, რამაც სულ 320 ათასი რუბლი (5 ათას აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა. „ჯადოს მომხსნელმა“ ეს ყველაფერი ხელსახოცში გაახვია, შავი ძაფი გადაუჭირა, შელოცვა წაიკითხა, შემდეგ კი პენსიონერს უთხრა, დაემალა ეს ყველაფერი ლეიბის ქვეშ და საღამომდე არავითარ შემთხვევაში არ გაეხსნა.
„მკურნალის“ წასვლის შემდეგ „ჯადომოხსნილმა“ ქალმა ლეიბის ქვეშ თავისი ძვირფასეულობისა და ფულის ნაცვლად კენჭები და დახატული ბანკნოტები აღმოაჩინა, რის შესახებაც პოლიციაში განაცხადა.
სამართალდამცველებმა თაღლითი იმავე დღეს დააკავეს. პენსიონერის სახლიდან წაღებული ძვირფასეულობა და ფული მას თან ჰქონდა. გაირკვა, რომ ის მანამდე უკვე იყო ნასამართლევი მსგავსი ქმედებისთვის, როდესაც 77 წლის პენსიონერ ქალს ოქროს ბეჭდები გამოსძალა.
ამ დროისათვის პოლიცია იკვლევს, აქვს თუ არა კავშირი დაკავებულს სხვა მსგავს დანაშაულებთან. სისხლის სამართლის საქმე დაკავებულის მიმართ აღძრულია „თაღლითობის“ მუხლით.