თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რაც შეეხება 173-ე მუხლს – კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება მათ მოეხსნათ.
პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს და უწყებასთან ბოტასები მიიტანეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ცუცქირიძეც.
ირაკლი შოთაძე, რომლის კანდიდატურაც გენპროკურორის პოსტზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წამოაყენა, თანამდებობის დასაკავებლად კონკურენციას გაუწევს სხვა 13 პრეტენდენტს. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, რომელიც მას 2015 წლიდან ეკავა, 2018 წლის 31 მაისს გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები.