თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე.
ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.
„ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი 20 დეკემბერს დაუჭირა.
სენატში ელჩის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრა 19 დეკემბერს გაიმართა.
კელი დეგნანი ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.
დეგნანი ასევე მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში. არის ფილოსოფიის დოქტორი, აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი, ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის იტალიურს, ფრანგულს, თურქულსა და ურდუს.
აშშ-ს საქართველოში ელჩი 2018 წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს, როდესაც საკუთარი მოღვაწეობა დაასრულა ელჩმა იან კელიმ. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.