თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისში, სვანეთის უბანში მდებარე ტაძრის მღვდელმსახურ ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში საცხოვრებლად გაუშვებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელზე, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე დაყრდნობით.
პარასკევს სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
„სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ყოფილი ცოლი მღვდელმსახურს თანხის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდა და საჩივარზე უარის თქმის სანაცვლოდ მისგან ყოველთვიურად ათას ლარს ითხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირის მიმართ შემაკავებელი ორდერი 2019 წლის ნოემბერში და 2020 წლის იანვარშიც გამოიწერა. ლაშა ჩიქოვანსა და მის მეუღლეს, რომლებიც 2016 წელს განქორწინდნენ, 5 შვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსი 12 წლისაა, ხოლო უმცროსი 6-ის.