თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქვეყნის აეროპორტები 2019 წელს 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის მონაცემებზე 3%-ით მეტია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
რატომ მცირდება მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის აეროპორტში - იზრდება>>
საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდებოდა, მაგრამ ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის გამო აჟიოტაჟისა და ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამის შედეგად რუსეთიდან მოგზაურების რაოდენობამ იკლო.
თუმცა, საქართველოს აეროპორტებში, გარდა თბილისის აეროპორტისა, მგზავრთნაკადის მაღალი მაჩვენებელი მაინც დაფიქსირდა.
2019 წლის დეკემბერში მგზავრთა რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 221,7 ათასზე მეტი იყო, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია. ქუთაისის აეროპორტში კი მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა და 82,5 ათასი ადამიანი შეადგინა. სულ 2019 წლის მანძილზე თბილისის აეროპორტმა მიიღო 3 692 200 მგზავრი (–3%), ხოლო ქუთაისის აეროპორტმა – 873 907 მგზავრი (+42%).
ბათუმის აეროპორტმა 2019 წლის დეკემბერში 26,2 ათასზე მეტი მგზავრი მიიღო, რაც 42%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წელს ბათუმმა სულ მიიღო 624 178 მგზავრი (+4%).
ეროვნული ბანკის შეფასებით, ავიამიმოსვლის გაუქმების შედეგად საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავლები ვერ მიიღო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა>>
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის დეკემბერში მოემსახურა 595 მგზავრს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97%-ით მეტია. რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, მგზავრთა რაოდენობა 23%-ით გაიზარდა.
ამბროლაურის აეროპორტმა დეკემბერში სულ 67 მგზავრი მიიღო, რაც 179%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს მგზავრთა რაოდენობა ამ აეროპორტში 23%-მდე გაიზარდა.