თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, შემცირდა, განუცხადა პირველ არხს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში კიდევ მინიმუმ სამ თვეს გაგრძელდება.
საქართველოში გრიპის ვირუსის გამო ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა გაიზარდა>>
„დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 312 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, იანვრის პირველ კვირას გვაქვს 191, ანუ უფრო სიმშვიდესკენ მიდის სიტუაცია. მართალია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით სამი პროცენტით მომატებულია, თუმცა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია. ჯერ შორს ვართ ეპიდემიურ ზღვართან, მაგრამ კიდევ სამი თვეა გრიპის სეზონი", – განაცხადა გამყრელიძემ.
მან რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს – ორსულებს, ბავშვებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს მოუწოდა, გაიკეთონ აცრა, ხოლო ყველა დანარჩენს – დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ხშირად დაიბანონ ხელები, ხშირად დაასუფთაონ სახლი და სამუშაო ადგილი სველი წესით, გაანიავონ შენობები.
ინფექციონისტი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, მოერიდონ ადამიანების თავშეყრის ადგილებს, დაავადებული ადამიანის გვერდით ყოფნას და პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ექიმს.
მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.
ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.
ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. "ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.