თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სეზონური ვირუსის გართულების გამო, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორშაბათს, 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გრიპით ავადობის მაჩვენებელი იანვრის პირველ კვირაში შემცირდა და 100 ათას ადამიანზე 191 შემთხვევა შეადგინა.
„დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 312, ახლა გახლავთ 191, რაც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე 2019 წლის პირველ კვირასთან მიმართებაში. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის. მაგრამ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3%-ით არის მომატებული და 22% შეადგინა. თუმცა, ეს მონაცემები ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოს მთავარი ინფექციონისტის სიტყვებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.
ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.
ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი“ მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.