თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ზამთრის კურორტები – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. გუდაურში წყლის მიწოდება რამდენჯერმე აღდგა, თუმცა დღეს დამსვენებლები იმავე პრობლემას გადააწყდნენ. შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე დამსვენებლები.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებსაც პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი უწყებები დგამენ.
აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
სპეციალისტების განმარტებით, პრობლემა უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა გამოიწვია, რის შედეგადაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.
უწყების ცნობით, შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, დაბა ბაკურიანში აბონენტების 90 პროცენტს სასმელი წყალი 24-საათიანი რეჟიმით უკვე მიეწოდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამუშაოები, სავარაუდოდ, ამ ღამით დასრულდება. მოსალოდნელია, რომ ამ სამუშაოების შედეგად შეივსება ის რეზერვუარები, საიდანაც ბაკურიანს წყალი მიეწოდება.