თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებმა ჩაშალეს დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, რის გამოც შეფისგან საყვედური მიიღეს, ამის შესახებ თავის წიგნში ჟურნალისტმა პიტერ ბერგენმა დაწერა.
წიგნი „ტრამპი და მისი გენერლები: ქაოსის საფასური“ აშშ-ში ახლახან გამოიცა, იუწყება РИА Новости. მისი ავტორი ტელეარხ CNN-ის ანალიტიკოსია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და პირველი ჟურნალისტი, რომელმაც „ნომერ პირველ ტერორისტ“ უსამა ბენ ლადენთან 1997 წელს ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. გარდა ამისა, ბერგენი რამდენიმე ბესტსელერის ავტორია.
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება >>
ბერგენი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის 27 იანვარს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში ჰკითხა ტრამპს, ესაუბრა თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინთან არ უსაუბრია. მაშინ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა შეახსენა მას, რომ ზარი ორგანიზების სტადიაზეა.
„პრეზიდენტმა პუტინმა რამდენიმე დღის წინ დარეკა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ზარი თქვენს განრიგში ვერ ჩავსვით“, - განაცხადა ფლინმა.
ტრამპმა შეხედა ფლინს და უთხრა: „თქვენ რა, ხუმრობთ? ვლადიმირ პუტინი ცდილობდა ჩემთან დარეკვას, თქვენ კი მას არ შემაერთეთ? ეშმაკმა დალახვროს, რაზე ფიქრობდით?
ფლინმა უპასუხა, რომ ტრამპს ბევრი ზარი აქვს და მისი მრჩევლები მათ „მართვაზე“ მუშაობენ.
ამაზე კი ტრამპმა განუცხადა: „ვლადიმირ პუტინი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც ჩვენი განადგურება შეუძლია, და თქვენ მას არ დამალაპარაკეთ?“
ტერეზა მეისთან ლანჩის შემდეგ ტრამპმა თავისი მრჩევლები შეკრიბა და განუცხადა მათ: „ეს რა ბოდვაა? როგორ მოხდა, რომ პუტინი მირეკავს, თქვენ კი არ მაკავშირებთ მასთან? მე არ ვიცი, ბიჭებო, საერთოდ რას აკეთებთ!“
მანამდე ტრამპმა და პუტინმა 2016 წლის ნოემბერში, ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ისაუბრეს.
ამერიკული სამხედრო დაზვერვის ყოფილმა უფროსმა ფლინმა ტრამპის მრჩეველად ეროვნულ უსაფრთხოებაში სულ სამი კვირა იმუშავა. ის 2017 წლის თებერვალში გადადგა, როდესაც აშშ-ში რუსეთის მაშინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან მისი საუბრის შემდეგ სკანდალი აგორდა. ტრამპის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ფლინს „რუსეთთან შეთქმულება“ დააბრალეს. სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა „რუსული გამოძიების“ ფარგლებში შეთქმულების მტკიცებულებებს ვერ მიაკვლია, თუმცა ფლინს ბრალი დასდო იმაში, რომ FBI-ს კისლიაკთან საუბრის გარემოებების შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ფლინმა ბრალი აღიარა და დღემდე განაჩენს ელოდება, რომელიც, სასამართლოს ბოლო განკარგულებით, ცნობილი არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივნისისა გახდება.