თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ტექნიკური გაუმართაობა, პილოტირების შეცდომა და არახელსაყრელი მეტეოპირობები - ალმათთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის სამი ვერსია განიხილება, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი“ ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.
ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არის მსხვერპლი – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან >>
გამოძიების ფარგლებში მოწმდება ყველა სახმელეთო და საავიაციო სამსახურების მუშაობა, მიმდინარეობს პასუხისმგებელი პირების და რეისის მგზავრების გამოკითხვები.
„გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტს, აუდიო- და ვიდეოჩანაწერს. დანიშნულია საჰაერო ხომალდის მდგომარეობის ექსპერტიზები, მათ შორის სახანძრო-ტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ერლან ტურგუმბაევმა.
თვითმფრინავიდან ამოღებულია „შავი ყუთი“ და საბორტო ჟურნალი, სპეციალისტები ავიაკატასტროფის ადგილის დათვალიერებას აგრძელებენ.
ავიაკატასტროფა ალმათთან
გუშინ დილით ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავმა Fokker-100-მა, რომელიც ახორციელებდა რეისს ალმათი-ნურ-სულთანი, აფრენისას დაკარგა სიმაღლე, გაანგრია ბეტონის ზღუდე და ორსართულიან შენობას შეეჯახა. ბორტზე იმყოფებოდა 98 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.
ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა. შსს-ს მონაცემებით, საავადმყოფოებში 47 დაშავებული რჩება, მათ შორის ცხრა ბავშვი.
Fokker-100 ტიპის თვითმფრინავების ფრენები და Bek Air-ის ოპერირება შეჩერებულია. შსს-მ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
ყაზახეთში 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.