თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტი ხელისუფლებამ გაათავისუფლა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, იუწყება პირველი არხი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით (სუს).
ამჟამად ვაჟა გაფრინდაშვილი გორის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
„გამოავლინეთ კეთილი ნება“ - ზახაროვა ცხინვალში დაკავებული ექიმის შესახებ საუბრობს >>
ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ცხინვალის რეგიონში იმისთვის გაემგზავრა, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადგილზე კი მისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ არსებობდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს.
გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს, 20 დეკემბერს მას ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
ნოემბრის ბოლოს პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი წამოჭრა. რუსული მასმედიის მონაცემებით, კარასინმა აბაშიძეს აცნობა, რომ რუსეთის მხარე ამ პრობლემის პოზიტიურად მოგვარებას უწყობს ხელს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქართველი ექიმის დაკავებამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ უნდა გაამწვავოს თბილისსა და ცხინვალს შორის არსებული ისედაც რთული ურთიერთობა.
საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიებს 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, რის გამოც საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა.
ამჟამად დიალოგი ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და საქართველოს წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის წარმომადგენლის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.