თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი მომხრეა, რომ ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი არ განიხილებოდეს პოლიტიკურ ჭრილში და კეთილი ნებით გადაწყდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.
როგორც ცნობილია, ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ახალგორში დაშავებული მასწავლებლის დასახმარებლად აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ჭაში ჩავარდნილი ქალი ძლიერ იყო დაშავებული, მაგრამ ადგილზე მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა არავის შეეძლო. გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, პარასკევს მის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.
„მოვუწოდებთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთ, არ გადაიტანონ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. მოგიწოდებთ, გადაჭრათ ეს პრობლემა მხარეთა განკარგულებაში არსებული, დავის დარეგულირებისთვის საჭირო მექანიზმებით... [ჟენევის მოლაპარაკებებში] რუსეთის წარმომადგენლები დაბეჯითებით ურჩევენ მხარეებს, გამოავლინონ კეთილი ნება და არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულმა ვითარებამ კიდევ მეტად გააღრმავოს ისედაც დაძაბული სიტუაცია თბილისსა და ცხინვალს შორის“, — განაცხადა ზახაროვამ.
საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიას 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ისინი დამოუკიდებლად ცნო, რის გამოც თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ამ დროისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინის შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.