„მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს“ – რომის პაპი ილია მეორეს ვატიკანში იწვევს

© photo: courtesy of Giorgi Kvirikashviliრომის პაპი ფრანცისკი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე
რომის პაპი ფრანცისკი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 1980 წლის 5–6 ივნისს იმყოფებოდა, სადაც ის რომის პაპს იოანე პავლე II-ს შეხვდა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს რომის პაპი ფრანცისკე წერილს უგზავნის და ვატიკანში იწვევს. ილია II-სთვის გაგზავნილი წერილი საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

„რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!" (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა", – ნათქვამია წერილში. 
ქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონი და რომის პაპი ფრანციკე - Sputnik საქართველო
საქართველოს ელჩმა ვატიკანში რომის პაპს წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა

როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, ილია მეორის ვატიკანში ვიზიტიდან 2020 წელს 40 წელი სრულდება და ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებსაც, სურთ, ილია მეორეც დაესწროს.

„ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და "სიქსტის" საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა", – აღნიშნულია ილია მეორისადმი მოწერილ წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 1980 წლის 5-6 ივნისს იმყოფებოდა, სადაც ის რომის პაპს იოანე პავლე II-ს შეხვდა. მაშინ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, ხოლო კავკასიაში – რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.

 

ყველა ახალი ამბავი
0