თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადვოკატები გამსახურდიას საქმეზე: ერთ-ერთი დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარია >>
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ცოტნეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ბესარიონ გოგიტიძის თქმით, ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ“, - განაცხადა გოგიტიძემ.
ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.
დაკავებულთაგან ორ პირს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სოლოღაშვილის ადვოკატის თქმით, ის ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს სრულად აღიარებს.
ყველა ბრალდებული პირი ცოტნეს მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.