თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსს 21 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, 21 დეკემბრიდან საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში.
„10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ -კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას კურორტზე შესაძლებელია ღამის სრიალი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე. ჰაწვალი იქნება პირველი სათხილამურო კომპლექსი, რომელიც 2019-2020 წლის სათხილამურო სეზონს გახსნის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჰაწვალზე, რომელიც მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კილომეტრიანი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
ჰაწვალზე თხილამურებით სრიალი ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი, რადგან ჯერჯერობით სათხილამურო ტრასებზე საკმარისი თოვლი არ არის.