თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია მისი ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ცოტნეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ამ დრომდე ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს. ღამით გამსახურიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
ადვოკატმა, ვაჟა არობელიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, რომის ყუფარაძის ინტერესებს იცავს და მასთან შესახვედრად მივიდა სამმართველოში.
ადვოკატის განმარტებით, საქმეზე ხუთიდან სამი პირი სარფის საზღვართან დააკავეს. ვაჟა არობელიძის თქმით, მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ტატო ღარიბაშვილი და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ. მისი თქმით, პეტრე ყუფარაძე წარდგენილ ბრალს – დანაშაულის შეუტყობინებლობას არ ეთანხმება.
„მან იცის, რა მუხლით დააკავეს. ამ მუხლს არ დავეთანხმებით, რადგან მან წაიყვანა საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდია. ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, იქ იყო. არ დავეთანხმებით ამ მუხლს, რადგან დანაშაულის დაფარვა არ არის. სასწრაფო უბანში ბიჭებმა გამოიძახეს. პეტრემ დააწვინა საკაცეზე და წაიყვანა საავადმყოფოში. მას უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ უნახავს. თქვა, რომ ჩხუბი იყო და გასაშველებლად რომ მივიდა, გაიქცნენ. იხსენებს, რომ ცოტნეს ხელი რომ მოჰკიდა, ჩაიკეცაო. სისხლი მოსდიოდა თავიდან და ბეჭიდან. თავად დაჭრის ფაქტი არ უნახავს და არც იცის, ვინ დაჭრა“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ტატო ღარიბაშვილის ადვოკატს, რომან ნადირაძეს, ის აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
„ჯერ არავინ არავის არაფერს არ ედავება. ბრალი არავის აქვს წარდგენილი. მის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. კატეგორიულად გამაფრთხილა, რაიმე ვთქვა. მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური მოტივი არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება სხვა ორ დაკავებულს, მათმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ გალის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა. ეს ინფორმაცია მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა მიაწოდეს, რომლებსაც მცირე ხნით შეხვდა.
ჩომახაშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ორ პირს იცავს.
მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ყველა დაკავებული პირი ვერაზე ცხოვრობს, ისევე როგორც ცოტნე გამსახურდია და ისინი ინციდენტამდე ერთად იმყოფებოდნენ.
ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა კი განაცხადა, რომ შეუძლებელია მხოლოდ ერთ პირს ასეთი დაზიანებები მიეყენებინა.
„პირდაპირი ინფორმაცია, რომ კიდევ სხვა პირიც მონაწილეობდა თავდასხმაში, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ვერსიები. გარდა ამისა, ცოტნე გამსახურდია ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი და გამოცდილი ექსტრემალურ სიტუაციაში, ამიტომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეეძლო მისთვის ესეთი დაზიანების მიყენება, გამოძიებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოვთხოვთ, წარმოადგინონ დამაჯერებელი მტკიცებულებები“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის განმარტებით, ცოტნე გამსახურდიას არ ჰქონდა ისეთი კონფლიქტი ან დაპირისპირება ვინმესთან, ვინც მას სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ეს არ იყო მხოლოდ ჩხუბი, ეს იყო მისი მკვლელობის მცდელობა, სხვა კვალიფიკაციაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია. ველაზე კარგი წყარო კი იქნება თავად ცოტნე, როდესაც გამოჯანმრთელდება.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ გუშინ ხუთი პირი დააკავა. ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.