თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ დასრულების შემდეგ.
„ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არაა" – პრემიერი მოზარდის გარდაცვალებაზე>>
15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა და სამშაბათს, საღამოს გარდაიცვალა.
წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არავინ იფიქროს, რომ პრობლემებიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის დაზიანება.
„ჩვენც ბევრჯერ გვიწყენინებია ჩვენი მშობლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ისე, რომ არ ვიფიქროთ საკუთარი თავის დაზიანებაზე. თქვენ, ბავშვები და არასრულწლოვნები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. მნიშვნელოვანია, წინა პლანზე გამოვიდნენ არა ჟურნალისტები და მინისტრები, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, არამედ ფსიქოლოგები, განსაკუთრებით ბავშვის ფსიქოლოგები, რომ მათ მედიის დახმარებით გამართონ დიალოგი სწორედ ბავშვებთან. ისე არ გავაკეთოთ, რომ ამ საქმეზე საუბრისას სხვა ბავშვებს არასწორი აზრები მოუვიდეთ თავში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სამართალდამცველებმა ლუკა სირაძე იმის გამო დაკითხეს, რომ ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში კედლებზე წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ბავშვზე ზეწოლა განხორციელდა.
მოზარდის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ახალგაზრდების საპროტესტო აქციები არ წყდება. ისინი სახელმწიფო დაწესებულებების კედლებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტოვებენ წარწერას – „ამ ცხოვრების დედაც!". აქციის მონაწილეები არა მარტო გამომძიებლის, არამედ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი მართლმსაჯულების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ.
გუშინ კი, ღამით აბაშაში 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. მანამდე სოციალურ ქსელში გოგონამ დაწერა – „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?" სავარაუდოდ, გოგონა ამ პოსტში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გულისხმობდა.
სამეგრელოში 17 წლის გოგონამ წერილი დატოვა და შემდეგ თავი მოიკლა>>
ფსიქოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ შეჩერებისკენ, როცა საქმე სუიციდის რომანტიზებას ეხება. სპეციალისტების განცხადებით, ამ თემის კამპანიური ხასიათით წარმოჩენა ძალიან სახიფათო და გადამდებია.