„მწვანე სკოლის“ პედაგოგი და დაცვის თანამშრომელი გამოკითხეს

© Sputnik / Shota Nozadzeლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია
ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლის პედაგოგის განცხადებით, ის ლუკა სირაძეს არ იცნობდა, ხოლო დაცვის თანამშრომელი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერებიდან მოზარდის იდენტიფიცირება ვერ შეძლო

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს „მწვანე სკოლის“ პედაგოგი და დაცვის თანამშრომელი, იუწყება პირველი არხი.

ლომჯარია: შესაძლოა, არასრულწლოვნების გამოკითხვა აუდიო- ან ვიდეოჩანაწერით ჩატარდეს >>

ლუკა სირაძე სუიციდის მცდელობის შემდეგ გუშინ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინციდენტს ბავშვის პოლიციაში დაკითხვა უძღოდა წინ. გამოძიების ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლო და სხვა კაბინეტებში უხამსი შინაარსის წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, მასზე, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ზეწოლა განახორციელეს.

ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ახალგაზრდები კვლავ ქუჩაში არიან: საქართველოში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ

„მწვანე სკოლის“ ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ელისო ნიჟარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც პედაგოგმა განაცხადა, ის გარდაცვლილ მოზარდს არ იცნობდა.

„აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა ამ მოსწავლეს. გავეცი პასუხი, რომ არ ვიცნობდი, რადგან ის არ იყო ჩემი მოსწავლე. სკოლაში არის რამდენიმე სექტორი, ლუკა სწავლობდა საჯარო სექტორზე, მე გახლავართ კერძო სექტორის მასწავლებელი. შესაბამისად, მასთან არ მქონია შეხება, არც კი ვიცნობდი. დამიბარეს როგორც სკოლის მასწავლებელი. მკითხეს, რა ვნახე დილით რომ მივედი სკოლაში, რომელ საათზე გამოვცხადდი სამსახურში, ვინ არის დაცვის სამსახურის უფროსი“, – განაცხადა ელისო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევის დღეს სკოლაში პირველი დამლაგებელი მივიდა და სწორედ მან ნახა კედლებზე წარწერები.

ამავე დროს, ამავე სკოლის დაცვის თანამშრომელი უჩა მჭედლიშვილი გამოიკითხა.

„აინტერესებდათ ზოგადი ინფორმაცია და გავეცი პასუხები. კონკრეტული პიროვნება ვერ დავინახე, სახეზე არავინ მიცნია, იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა და ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ჩათვალა საჭიროდ, პოლიცია გამოეძახებინა. როგორ მოახდინეს შემდეგ იდენტიფიკაცია, არ ვიცი. დაცვის უფროსმა დამირეკა, ჩამაყენა საქმის კურსში, რომ სკოლის კედლებზე წარწერები იყო. სკოლის უკანა ეზოდან, ღობიდან არის გადმოსული, რადგან იქიდან შემოსასვლელი არ არის. მეორე დღეს მოსწავლეებს დავუსვით რაღაც კითხვები“, – განაცხადა უჩა მჭედლიშვილმა.

მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული

გენერალურმა ინსპექციამ ამ დროისათვის გამოკითხა 70 მოწმე, მათ შორის სკოლის თანამშრომლები, მოზარდები და მათი მშობლები, ამოიღო ჩანაწერები კომპიუტერებიდან, ტელეფონებიდან და ვიდეოკამერებიდან.

საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვები გაგრძელდება.

ამჟამად დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი, რომელსაც ჩვენების მიცემის იძულება ედება ბრალად. მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამავე განყოფილების უფროსის მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერდა.

„მთელი საქართველო და თბილისი ჩემი უბანია“ – სოციალურ ქსელში ლუკა სირაძის ვიდეო ვრცელდება >>

ლუკა სირაძის გარდაცვალებამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისში და რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები მოზარდის მოითხოვენ ამავე განყოფილების უფროსის და მისი მოადგილის, ასევე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილეების პასუხისგებაში მიცემას. აგრეთვე ისმის ბრალდებები „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციის მისამართითაც.

ყველა ახალი ამბავი
0