თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ესტონეთის ხელისუფლება Sputnik Estonia-ს თანამშრომლებს სისხლის სამართლის დევნით ემუქრება, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას საერთაშორისო მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.
„Sputnik Estonia-ს თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად სახელდება სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე“, — ნათქვამია Россия сегодня-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
„გვსურს შეგახსენოთ, რომ Россия сегодня არ ფიგურირებს ევროკავშირის არცერთ სასანქციო სიაში. ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს აღმაშფოთებელ თვითნებობად ვაფასებთ და ვაპირებთ მივმართოთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, იუნესკო და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო მოთხოვნით, მიეცეს შესაბამისი შეფასება ბოლო წლებში სიტყვის თავისუფლების დარღვევის ამ უპრეცედენტო შემთხვევას, და გატარდეს ზომები ჩვენი ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა“, — ხაზს უსვამს სააგენტო.
„გარდა ამისა, Sputnik Estonia-ს თანამშრომლები ბოლო თვეებში არაერთხელ დაიბარეს ძალოვან სტრუქტურებში „პროფილაქტიკური“ საუბრებისთვის, რა დროსაც მათ დაჟინებით ურჩევდნენ სააგენტოდან წასვლას“, — წერს პრესსამსახური.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თავის მხრივ, Россия сегодня ყველაფერს გააკეთებს რაც მასზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ დაიცვას Sputnik Estonia-ს თანამშრომლები სისხლის სამართლის დევნისგან.
მანამდე Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ისაუბრა Sputnik ესტონეთში მუშაობის დაწყების მსურველთა დაკითხვების, დაშინებისა და საბანკო ანგარიშების დახურვის შესახებ. მისი თქმით, Sputnik-ს არსად ექმნება ისეთი პრობლემები, როგორიც ესტონეთში.
მანამდე России сегодня-ს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს საერთაშორისო საბანკო ჯგუფების ესტონეთის ფილიალებმა გაყინეს სახელფასო გადარიცხვები, ისე საგადასახადო და ოფისის არენდის გადარიცხვები.
ესტონეთი ბალტიის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის სრულფასოვანი რედაქცია და ოფისი მდებარეობს. მისი კოლექტივი 35 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან 33 ესტონეთის მოქალაქეა. ყველა მათგანი Россия сегодня-სთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს. სააგენტოს ყოველთვიური გადასახადი ესტონეთის ბიუჯეტში დაახლოებით 30 ათას ევროს შეადგენს.
ბალტიის ქვეყნების მთავრობებმა არაერთხელ შეუშალეს ხელი რუსული მედიასაშუალებების მუშაობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სახეზე იყო ამ სახელმწიფოების კოორდინირებული ხაზის ნიშნები და რომ მედიასაშუალებების შევიწროების შემთხვევები ბალტიის ქვეყნებში „ხილულად წარმოაჩენს, რეალურად რა ფასი აქვს ვილნიუსის, რიგისა და ტალინის დემაგოგიურ განცხადებებს დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისადმი ერთგულების პრინციპების მიმართ“.