თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ესტონეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან სააგენტო Россия сегодня, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. გარდა ჟურნალისტებზე პირდაპირი ზეწოლისა, გახშირდა მედიაჯგუფის მუშაობაში ფინანსური ჩარევის მცდელობებიც, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
„2019 წლის ოქტომბრის ბოლოს საერთაშორისო საბანკო ჯგუფების ესტონეთის ფილიალებმა გაყინეს საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ფულადი გადარიცხვები „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლების ხელფასებისთვის, საგადასახადო ვალდებულებებისა და ასევე ოფისის იჯარის გადასახადებისთვის. ესტონეთის სხვა საბანკო სტრუქტურებმა, რომლებსაც სააგენტომ მიმართა, ასევე უარი განაცხადეს ასეთი ოპერაციების ჩატარებაზე და ეს იმ ფონზე, რომ Sputnik-ის ესტონეთში მუშაობის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ფულადი გადარიცხვები არანაირ კითხვებს არ იწვევდა ადგილობრივ ბანკებში“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთში საბანკო სტრუქტურებსა და Sputnik-ის კონტრაგენტებზე ზეწოლის ინიციატორი პოლიციის დეპარტამენტისა და რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის „ფულის გათეთრების შესახებ მონაცემთა სახელმწიფო ბიუროა“.
„ამ დროისათვის Россия сегодня-ს ყველა ტრანზაქცია ესტონეთის ტერიტორიაზე არსებული კონტრაგენტებისთვის (თანამშრომლების ხელფასები, საგადასახადო ინსპექცია, მეიჯარე) დაბლოკილია და ადგილობრივი ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზეა გაყინული — არც კონტრაგენტების ანგარიშებზე ირიცხება და არც უკან უბრუნდება Россия сегодня-ს. ტალინში Sputnik-ის ოფისის მეიჯარემ უკვე აცნობა რედაქციის ხელმძღვანელს, რომ იჯარის შესახებ მიმდინარე ხელშეკრულება ცალმხრივად გაუქმდება“, — განმარტავს პრეს-სამსახური.
ესტონეთი ბალტიისპირეთის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის სრულფასოვანი რედაქცია და ოფისია განთავსებული. კოლექტივი 35 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან 33 ესტონეთის მოქალაქეა. ისინი Россия сегодня-სთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობენ. სააგენტოს ყოველთვიური საგადასახადო ვალდებულება ესტონეთის ბიუჯეტში 30 ათას ევროს შეადგენს.