პრემიერმა თბილისში მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალზე მკაცრად დაისჯება ყველა ის პირი, რომელთა მხრიდანაც დანაშაულის ჩადენის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადასტურებს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვნებთან მიმართებით ჯერ კიდევ დარჩა ხარვეზები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტის კომენტარისას.

12 დეკემბერს მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ინციდენტს წინ უძღოდა მოზარდის პოლიციაში დაკითხვა. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან შეაღწია ღამით „მწვანე სკოლაში", სადაც ადრე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში დატოვა წარწერები, მათ შორის – „ამ ცხოვრების დედაც!".

თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა - Sputnik საქართველო
თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა

ვიდრე ექიმები მოზარდის გადარჩენას ცდილობდნენ, ფაქტზე საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღიძრა. როგორც ბიჭის ახლობლებმა განაცხადეს, დაკითხვის დროს, რომელსაც მოზარდის დედაც ესწრებოდა, მასზე ზეწოლა განხორციელდა. გუშინ, მას შემდეგ, რაც ლუკა სირაძე გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

„პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე“, – ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ გახარიას განცხადებაში.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ „მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნებისმიერი მცდელობა“.

„ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა გახარიამ.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
რატომ გადმოხტა მოზარდი მეცხრე სართულიდან? ფაქტზე ფსიქოლოგები და სამინისტროები მუშაობენ

პრემიერმა პირობა დადო, რომ ძალზე მკაცრად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა და სტატუსისა, რომელთა მხრიდანაც დანაშაულის ჩადენის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადასტურებს.

„რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები“, – განაცხადა გახარიამ.

„პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების, თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის დავალება

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლებისა და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით, ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს – დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.

იუსტიციის სამინისტროს – წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას. პროცესი წარიმართება პროფესიონალებისა და არასრულწლოვნებთან მომუშავე პირების მონაწილეობით.

ყველა ახალი ამბავი
0