თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ, განუცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
„ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართულ ჯარს" – პრემიერი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ>>
მან, როგორც იუსტიციის მინისტრმა, კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა მკაცრი კრიტიკის ობიექტი თავისი განცხადებების გამო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი, და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა ზურაბიშვილს ინაუგურაციიდან ერთი წლისთავი მიულოცა და მას წარმატებები, გამძლეობა და „თითოეული მოქალაქისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება“ უსურვა.
„როგორც იუსტიციის მინიტრმა და როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, მინდა ჩვენს პრეზიდენტს ვუსურვო წარმატებები, ვუსურვო გამძლეობა. ასევე ვუსურვო მომავალ წლებში თავისი მანდატის ფარგლებში ისეთი გადაწყვეტილებები და ისეთი შედეგები, რომლებიც იქნება მისთვისაც, ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მოსაწონი. მას ამის ძალიან ბევრი რესურსი აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტი ჯარის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვები კვლავ დაამახინჯეს და კონტექსტიდან ამოაგდეს.