თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი რუსი ტელეწამყვანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ქსენია სობჩაკი მკრეხელობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც Instagram-ზე საკუთარი ფოტო განათავსა ქრისტეს გამოსახულებიანი საყურეებით.
გამომწერების ნაწილმა მისი ეს ქმედება შეურაცხყოფად მიიჩნია და ტელეწამყვანი მკრეხელობაში დაადანაშაულა.
„აღდგომურ-იმპერიული“, - წააწერა შავ ქუდში გამოწყობილმა სობჩაკმა ფოტოსურათს, რომელზეც ბისერებით იყო ამოქარგული ორთავიანი არწივი. მაგრამ გამომწერების ყურადღება უფრო მეტად საყურეებმა მიიპყრო. მათ პოსტის ქვეს ნეგატიური კომენტარები დატოვეს.
- „თქვენ მკრეხელი ხართ. რადგან ბევრი ფული გაქვთ, ფიქრობთ, რომ თქვენთვის ყველაფერი დასაშვებია“, - წერს unicorn_1918.
- gortenzia57-მა კი ტელეწამყვანს მოუწოდა, მოეხსნა საყურეები, „რადგან მათი ტარება უდიდესი ცოდვაა “.
- „ნუთუ შესაძლებელია წმინდა იესო ქრისტეს ხატის საყურეებზე გამოსახვა?“ - აღშფოთებას ვერ მალავს ella.orlova.70.
თუმცა ზოგი კომენტატორისთვის სობჩაკის ახალი იმიჯი უჩვეულო და წარმატებულიც კი აღმოჩნდა. მას „მომხიბვლელი ათეისტი“ უწოდეს. გვერდის ერთ-ერთმა გამომწერმა ტელეწამყვანი დიდგვაროვან, წარჩინებულ ქალს შეადარა.
აღსანიშნავია, რომ ქსენია სობჩაკი მანამდე „ინსტაგრამზე“ წერდა, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი სოციალურ ქსელებში დაუფიქრებლად ამჟღავნებს ფარულ შიშებს. მისი თქმით, ბევრ მათგანს სააშკარაოზე გამოაქვს ის, რითაც თავის მოწონება სურთ.
ქსენია სობჩაკი მიმდინარე წლის მაისში ტელეარხ „სუპერის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა. აღნიშნული არხი „გაზპრომ-მედია“ ჰოლდინგის ნაწილია.