„ფსიქიკის აკლიმატიზაცია“ ემიგრანტისთვის და სან-მარკოს მოედანზე მოსმენილი „თბილისო“

© photo: courtesy of Eka Otarashviliეკა ოთარაშვილი
ეკა ოთარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები უცხოეთში პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ, მათი გენეტიკური შემოქმედებითი უნარი ყოფითმა პრობლემებმა ვერ დაჩრდილა. აქსიომად ქცეული ამ ფაქტის საუკეთესო დადასტურებად იტალიაში მცხოვრები ეკა ოთარაშვილის ცხოვრება გამოდგება.

© photo: courtesy of Eka Otarashviliეკა ოთარაშვილი
„ფსიქიკის აკლიმატიზაცია“ ემიგრანტისთვის და სან-მარკოს მოედანზე მოსმენილი „თბილისო“ - Sputnik საქართველო
ეკა ოთარაშვილი

სულ ახლახან საქართველოში ჟურნალ „ელიტაში“ დაიბეჭდა მისი ისტორიულ-ბიოგრაფიული მოთხრობა „რკინის ქალამანი“, რომლის მინი-სპექტაკლი იტალიელმა მაყურებელმა ოვაციით მიიღო. საქართველოდან გამოგზავნილი ჟურნალებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა ქველმოქმედებას. უმწეოთა და დაავადებული ბავშვების დახმარებას ქალბატონი ეკა მეგობრებთან ერთად დღესაც აგრძელებს. მისი ინიციატივით პერსონალური შემოქმედებითი საღამო არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა ჩაატარა.  

სამომავლოდ, 2020 წლის 23 იანვარს ანჯელო ჩირონეს ხელმძღვანელობით მოქმედი ქართულ-იტალიური ორგანიზაციის ინიციატივით ქალაქ ბარიში, ალდო მოროს უნივერსიტეტში ეკა ოთარაშვილის პერსონალური საღამოც ჩატარდება. ამ საღამოს ავტორი საქართველოს უძღვნის. ეს იტალიიდან მოწერილი მისი ემოციური გზავნილია, რომელშიც მისი ცხოვრების ამბებია შესული...

© photo: courtesy of Eka Otarashviliეკა ოთარაშვილი
„ფსიქიკის აკლიმატიზაცია“ ემიგრანტისთვის და სან-მარკოს მოედანზე მოსმენილი „თბილისო“ - Sputnik საქართველო
ეკა ოთარაშვილი

ემიგრაციაში ყოფნის მეშვიდე წლის ათვლა დავიწყე, რაც ზოგჯერ დაუჯერებელი მგონია და ვფიქრობ, რომ ჩემმა გამძლეობამ თავისი რესურსი ამოწურა. მადლობა უფალს, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც ფსიქოლოგიურად მაძლიერებენ და მეხმარებიან იმაში, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშაო. მეგობრებს და სიყვარულს ძებნა არ სჭირდება, ის თავისთავად ჩნდება შენს ცხოვრებაში. ახლა მეც მეტ დროს ვუთმობ იმ ადამიანებს, ვინც მიყვარს. რატომ გავაკეთე არჩევანი იტალიაზე? – ეს ქვეყანა თავისი ისტორიით სკოლის პერიოდიდან შემიყვარდა. ბევრი მიფიქრია ქალაქ პომპეიზე, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაიფარა. მახსოვს, გურამ ფანჯიკიძის წიგნი „იქ, სადაც ცხოვრობდნენ ადამ და ევა“ როცა წავიკითხე, წარმოსახვით ვატიკანის დათვალიერებისას მეც მწერალთან ერთად დავდევდი გიდის მეწამულ ქოლგას, რომ არ დაკარგულიყო. ეს ოცნება უკვე ავისრულე. იტალია მუზების ქვეყანაა, ამიტომ მისმა ხელოვნებამ და კულტურამ ძალიან დამაინტერესა და უფრო მოხიბლული დამტოვა. მახსოვს, როცა ვენეციაში ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში შევედი, როგორი აუხსნელი განცდა დამეუფლა...

ჩვენი სურვილები დროსთან ერთად იცვლება, თუმცა რეალობა ხშირად ხელს გვიშლის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემიგრანტი ხარ. იტალიას ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი ემიგრანტისთვის. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონი ემიგრანტსაც ისევე იცავს, როგორც მის მოქალაქეს.

© photo: courtesy of Eka Otarashviliეკა ოთარაშვილი
„ფსიქიკის აკლიმატიზაცია“ ემიგრანტისთვის და სან-მარკოს მოედანზე მოსმენილი „თბილისო“ - Sputnik საქართველო
ეკა ოთარაშვილი

საქართველოში ყოფნის დროს ჩემი პროფესია და საქმე ღმერთთან მაახლოებდა. სპეციალური სასწავლებელი სამეანო განხრით დავამთავრე. ანესთეზიის კურსიც გავიარე და ვმუშაობდი თელავში (ამჟამად ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში) ანესთეზიის მედდად. ჩემთვის საამაყო იყო იმ გუნდთან მუშაობა, რომლისთვისაც სხვისი სიცოცხლის ფასი ზოგჯერ საკუთარზე მაღალი იყო. ჩემთვის ეს იყო შემოქმედებითად სავსე ოცდახუთი წელი, თავისი პასუხისმგებლობით, ადრენალინით და გამარჯვებით, რომელიც ყველამ უნდა განიცადოს, რათა სიცოცხლეც და ადამიანიც სათანადოდ დააფასოს.

ვცდილობ უფრო მეტი მზის ამოსვლა ვნახო, ვიდრე ჩასვლა. ყველა წუთის გამოყენება მსურს. ყველა წუთში არის რაღაც თავისებური და საინტერესო, რომელიც მეორე წუთში აღარ გამეორდება. ახლა დროს უფრო ვაფასებ და ვცდილობ ისე გამოვიყენო, რომ უფრო ღირებული გახდეს. ეს აზრი იყო დასაბამი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც აქ ჩავატარეთ და რომელსაც მომავალში ვგეგმავთ. თბილისში, ჟურნალ „ელიტაში“ დაიბეჭდა ჩემი ისტორიულ-ბიოგრაფიული მოთხრობა „რკინის ქალამანი“, რომლის მინი-სპექტაკლიც ქართველ და იტალიელ მაყურებელს წარვუდგინეთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო იტალიელი ანჯელო ჩეჩი, რომელსაც ძალიან უყვარს ქართული კულტურა და ჩვენ მიერ ჩატარებულ საღამოებში ხშირად იღებდა მონაწილეობას. ანჯელო სულით ხელოვანი ადამიანია, რომელიც, სამწუხაროდ, ინვალიდის ეტლში ზის. მას იმხელა სიყვარული გააჩნია საქართველოსადმი, რომ გადავწყვიტეთ ჩვენს სპექტაკლში მასაც მიეღო მონაწილეობა. მისმა იტალიური აქცენტით წარმოთქმულმა ქართულმა ფრაზებმა განსაკუთრებული აღმაფრენა გამოიწვია მაყურებელში.

© photo: courtesy of Eka Otarashviliეკა ოთარაშვილი
„ფსიქიკის აკლიმატიზაცია“ ემიგრანტისთვის და სან-მარკოს მოედანზე მოსმენილი „თბილისო“ - Sputnik საქართველო
ეკა ოთარაშვილი

დასამახსოვრებელი ამბებიდან ერთს მოგიყვებით: ორკვირიანი დასვენება გვქონდა. მე და ჩემი მეგობარი კატო (რომელთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის სასწაულებთანაა დაკავშირებული) ვენეციაში გავემგზავრეთ. მსოფლიოში ცნობილ სან-მარკოს მოედანზე მთელ სიგრძეზე კაფე-რესტორნებია ჩამწკრივებული თავისივე საორკესტრო ჯგუფებით. ფენიჩეს დიდი თეატრიდან გამოსულები, ჩვენც შევუერთდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. ეს ის მომენტია, როდესაც ბედნიერების სრული შეგრძნება გაქვს. ჩვენი მაგიდა ახლოს იყო სცენასთან, სადაც ორკესტრმა მორიგი ნაწარმოების შესრულება დაიწყო. დაუჯერებელი იყო – სან-მარკოს მოედანზე მოულოდნელად რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ ჰანგები დაიღვარა! მოზღვავებული ემოციებისგან ცრემლები წამოგვივიდა. მსოფლიოში ცნობილ მოედანზე ორი ქართველი ფეხზე წამოვდექით, გვინდოდა ზეცამდე ავმაღლებულიყავით და იქიდან გადმოგვეძახა: ეს მარტო მუსიკა არ არის, ეს საქართველოა, ჩვენი მონატრებული საქართველო და ის ჩვენშია, ჩვენს სულში!.. მუსიკის ფონზე კატოს ხმა მესმოდა: „ქართველი ხარ, ბიჭო?! ცუდად ვარ, ნუ ტირი, ნუ ტირი...“ მოგვიანებით ვნახეთ, რომ ზუსტად ამ სიტყვებით აუტვირთავთ ეს ვიდეო You Tube-ზე.

ეს საღამო მარტო ამით არ იყო გამორჩეული. როდესაც წასვლის დრო დადგა და ანგარიში მოვითხოვეთ, დაბნეულმა ოფიციანტმა გვითხრა, თქვენი ანგარიში უკვე გადაიხადესო, და ხელით მიგვანიშნა მეზობელი მაგიდისკენ, საიდანაც ახალგაზრდები დგებოდნენ. უცნობი ქართველები აღმოჩნდნენ. ჩვენი ემოციები და ცრემლები მათთვის გასაგები იყო... მხოლოდ ვენეციელი ოფიციანტი გვიყურებდა გაკვირვებული. მინდოდა მასთან მივსულიყავი და მეთქვა – შენ ასეთ რამეს აქ ვერ ნახავ, მოდი და ისწავლე, რას ნიშნავს ქართველისთვის ქართველი!..

იტალიაში დღეს ქართველი ქალი საქართველოს სახეა, თავისი ცხოვრების წესით, ტრადიციებით, კულტურით, განათლებით, ერთგულებით, რაც სამშობლოდან გადმოხვეწილს უფრო მეტად ღირსეულს ხდის – ამას ამაყად, თავაწეული ვამბობ. უცხოეთში ყველა ახალი ჩამოსული ქართველი მტკივა, მით უმეტეს ახალგაზრდები. ვიცი, რასაც განიცდიან. ემიგრანტის ცხოვრება დანაკარგების ერთი დიდი ჯაჭვია. აქ ცხოვრებას განსხვავებული ტანინის გემო აქვს. ყველაზე დიდი სირთულე რა იყო ემიგრაციაში? ზემოთ ვახსენე მოთხრობა ,,ფსიქიკის აკლიმატიზაცია“. ეს მოთხრობა ამ კითხვის სრული პასუხია. ფსიქიკაა, რომელზეც პირველ რიგში მოქმედებს ემიგრანტის ცხოვრება, რომელიც მთელი სიძნელეების ნაკრებია, რომელსაც ყველა ვერ უძლებს და ეს ყოველივე ხშირად ცუდი შედეგებითაც დამთავრებულა. ამ კითხვამ, მძიმე კადრები გამახსენა, რომელიც ჩემი ცხოვრების ხელწერად დარჩა და ვერ დავივიწყებ. უნდა დაიმკვიდრო თავი. ვიცი რას განიცდიან ემიგრანტები, მათთვის არ არსებობს წვრილმანი და მსხვილმანი, მხოლოდ არსებობს სირთულეები. ზოგჯერ მიფიქრია, მე ეხლა ვცხოვრობ? ცხოვრებას და არსებობას შორის ძალიან ბევრი მიბრძოლია.

© photo: courtesy of Eka Otarashviliეკა ოთარაშვილი
„ფსიქიკის აკლიმატიზაცია“ ემიგრანტისთვის და სან-მარკოს მოედანზე მოსმენილი „თბილისო“ - Sputnik საქართველო
ეკა ოთარაშვილი

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: იმდენად ძნელი ყოფა გვაქვს, რომ შენი ქვეცნობიერი თავდაცვის და გადარჩენის მიზნით თითქოს აღებს შინაგანი სამყაროს ყველა დახშულ კარს, რომელიც დაჟანგვის პირას იყო მისული და მის არსებობას აქამდე ვერც აცნობიერებდი. მერე გეცვლება ხედვა, ხდება ძველის გადაფასება და სულიერად იზრდები. დროთა განმავლობაში საკუთარ თავში უფრო განსხვავებული, ძლიერი, მიზანდასახული მეორე მე აღმოვაჩინე. უფრო მეტად შევიცანი სამყარო და ვისწავლე მასში შეღწევა დანაკარგების გარეშე. მიხარია, რომ დღეს ეს ყველაფერი ჩემს ნაწერებშია ასახული. ემიგრანტულ სიძნელეებზე გავიზარდე და მადლობა უფალს ამ გადარჩენისთვის...

 

ყველა ახალი ამბავი
0