თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა დიპლომატებმა გაათავისუფლეს ქართველი მეზღვაური, რომელიც აფრიკული ტოგოს ნაპირებთან ბერძნული ტანკერიდან გაიტაცეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პირველი არხის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სამ სხვა მეზღვაურთან ერთად პორტ ლომესთან 18 კილომეტრში მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან Elka Aristotle გაიტაცეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ქართველი მეზღვაური ნიგერიაშია და სამშობლოში გამგზავრებას აპირებს.