შსს-მ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გამოწერა
მას, ვინც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის სითხე დაღვარა, სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტში გავრცელებული მძაფრი სუნის გამო გამოძიება "ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების" მუხლით დაიწყო, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დამნაშავეს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მძაფრი სუნის გავრცელების გამო დარბაზში პლენარული სხდომა შეწყდა. მმართველი პარტიის დეპუტატებმა თითი ოპოზიციისკენ გაიშვირეს, რომლებიც დილიდან ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხი ჩავარდნილიყო.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
„ეს ქიმიური შეტევაა" – პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ სითხე ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის".

პარლამენტში გავრცელებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილია", რის შესახებაც მათ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერეს. მოგვიანებით კი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოები ვერაფრის დამტკიცებას ვერ შეძლებენ.

მოძრაობამ დოროგოვის ანტისეპტიკური სტიმულატორის (ASD) ფოტო გაავრცელა და დააწერა: „საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში".

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„მათ არ აქვთ მორალური უფლება" – "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამლულთა შორისაა მმართველი პარტიის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, რომელსაც ალერგია აქვს.

ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან, საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყეს. თავიდან ისინი თავიანთ მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის დროსაც პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა. მოგვიანებით ესტაფეტა უკვე პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიბარეს.

„ნაცმოძრაობის" ლიდერები და მათი მომხრეები იმ კანდიდატების წინააღმდეგ გამოდიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მათივე სასარგებლო „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს" იღებდნენ.

მიუხედავად პროტესტისა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა და სია პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის გადაგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0