თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დღეს სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართება, იუწყება პირველი არხი.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.
ოპოზიცია 14 ნოემბრიდან ატარებს აქციებს და ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნას აპროტესტებს. მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.
პირველ შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს თითქმის შვიდს საათს გაგრძელდა, პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში შუამავლის როლი დიპლომატებმა შეასრულეს.
ოპოზიციამ შესთავაზა მმართველ გუნდს გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ისინი არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება. ამასთან პარტია პარლამენტში მიიღებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგება.
ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე. ყველა მათგანმა ერთხმად განაცხადა, რომ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას. შესაბამისად, ამ „გერმანული მოდელის“ თემაზე დისკუსია ამოიწურა.
თუმცაღა, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თუ ოპოზიცია შესთავაზებს ისეთ იდეას, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისი იქნება, კონსულტაციები გაგრძელდება.
ამასობაში საპროტესტო ტალღამ უკვე რეგიონები მოიცვა.