აფეთქების შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური წესების დარღვევით მუშაობდა და პრობლემები ადრეც შეიქმნა, რის გამოც მათ ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მეხანძრე-სამაშველო ბრიგადასთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.