თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჩხარტიშვილი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, მედიისათვის მიცემული ინტერვიუს დროს ლაშა ჩხარტიშვილმა ლობიოს მარცვლები აყარა და განაცხადა, რომ უმი ლობიო მონების სალაფავია.
„ეს არის ივანიშვილის ოცნება, ოცნება ერთპარტიულ-ერთპიროვნულ დიქტატურაზე, რომელიც აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ის, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაკავებებთან მიმართებაში, არ გაუკეთებია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს. მან ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები, მათ შორის ჩემი დაკავება, ეს არის ჩემი მე-12 დაკავება, მე-12 პოლიტიკური პატიმრობა, მესამე ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ოპოზიციამ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა – ვიდეო >>
რაც შეეხება „ლობიოს თემას“, ის ქართულ მედიაში 25 ნოემბერს გაშუქდა. იმ დროს, როდესაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართებოდა, იქვე ახლოს, მაჩაბელის ქუჩაზე მდებარე სალობიეში ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახშმობდა. პრეზიდენტთან ერთად ივახშმა ლია ვოდე-გოგიტიძემ, ქართველმა ემიგრანტმა, რომელსაც საქართველოსთვის არაერთი უნიკალური საკოლექციო ექსპონატი აქვს გადმოცემული. ზურაბიშვილს პოლიციის კორდონის გავლით მოუწია სალობიეს დატოვება. სალობიედან გამოსულს მას დახვდნენ მომიტინგეები, რომლებმაც ის შეძახილებით გააცილეს.