თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი – არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
მანამდე, ანალოგიური ბრალდებით მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე საქმეზე შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის – აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქე იყო, დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებს პორნოგრაფიული მასალების დამზადებაში თავიანთი არასრულწლოვანი შვილები ჰყავდათ ჩაბმული.
წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.
ბავშვების პორნოფოტოების საქმე: შსს-ს წარმომადგენელი დეტალებზე საუბრობს >>
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.