თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ტრანსნაციონალური ოპერაციის ფარგლებში დაკავებული მშობლები თვითონ ითხოვდნენ თავიანთი შვილების პორნოგრაფიულ ფოტოსესიაში მონაწილეობას, განაცხადა საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა პირველი არხის ეთერში.
სულ საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, ერთი აშშ-ის და ერთი ავსტრალიის მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ ნაქირავებ ბინაში გახსნეს არალეგალური ფოტოსალონი და პორნოგრაფიული ფოტოსესიისთვის ფულს იხდიდნენ. გადაღებებში, მშობლების თანხმობით, დაახლოებით ათი გოგონა მონაწილეობდა. მათი ასაკი 8-დან 14 წლამდეა.
„აბსოლუტურად ყველა მშობლისთვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს უღებდნენ პორნოგრაფიული შინაარსის შემცველ ფოტო- და ვიდეომასალას და ყველა მშობელს ჰქონდა ფინანსური გარიგება, თითო ფოტოსესიისთვის იღებდნენ, სულ მცირე, 1000 ლარს ან 3000 ლარს. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, ბავშვი რამდენად პოპულარული იყო ამგვარი ფოტოსურათებით დაინტერესებულ პირებში", – განაცხადა გოგორელიანმა.
მისი თქმით, თითოეულ მშობელს უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორებთან ჰქონდა კავშირი. „ხშირ შემთხვევაში თვითონ რეკავდნენ საკუთარი ინიციატივით და ითხოვდნენ, იქნებ უფრო მალე ყოფილიყო ფოტოსესია", – აღნიშნა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11-დან 10 ბრალდებულის საკითხი განიხილა და ათივეს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა. ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე სასამართლო პარასკევს იმსჯელებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მუხლებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.