თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის და გერმანიის რეჟისორების 12 სპექტაკლს იხილავენ ბათუმელები საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - Batumi International Theatre Festival, რომელიც საღამოს 7 დეკემბერს იხსნება, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.
თბილისელებს ჩინური „მაკბეტი“ ელოდებათ >>
ფესტივალი გაიხსნება გერმანელი რეჟისორის, მიხაილ ტალჰაიმერის სპექტაკლით „მედეა“. ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
Batumi International Theatre Festival-ის ჩატარების იდეა ეკუთვნის ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საერთაშორისო თეატრალურ რუქაზე ბათუმის როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქის წარმოჩენა. ინიციატივის წყალობით, ქალაქი უფრო ცნობადი გახდება. ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში ერთობლივი მუშაობისა და პროექტებისთვის.
ფესტივალს უხელმძღვანელებს ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შედიან გავლენიანი თეატრალური პროდიუსერები, თეატრმცოდნეები და ფესტივალის დირექტორები. ესენია: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკენე (ლიეტუვა), ლუჩიან ბალეანუ (რუმინეთი). საბჭოს თავმჯდომარეა ანდრო ენუქიძე.
ყველა სპექტაკლს თავის განახლებულ კედლებში უმასპინძლებს აჭარის უძველესი თეატრი - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.