„მესიამოვნა ამის გაგონება“: ბურჯანაძემ მოსკოვში გამართული მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა

© photo: Sputnikნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ რუსეთის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკების შედეგებზე ისაუბრა.

ნინო ბურჯანაძე თავის ვაჟთან ანზორ ბიწაძესთან ერთად, რომელიც მისი პარტიის მმართველი საბჭოს წევრია, მოსკოვში 3 დეკემბერს ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ბურჯანაძე შეხვედრებს მართავს რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
რისთვის გაემგზავრა ბურჯანაძე მოსკოვში

პოლიტიკოსი უკვე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს, სენატორებს გრიგორი კარასინსა და ალექსეი პუშკოვს, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩოვს და სახელმწიფო დუმის პირველ ვიცე-სპიკერს ალექსანდრ ჟუკოვს. 

მწვავე საკითხი

ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტს დროული უწოდა, ვინაიდან დღის წესრიგში მწვავედ დგას ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი, რომელიც ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“ დააკავეს.

„მიმაჩნია, რომ ეს დროის მხრივ ძალიან სწორი ვიზიტი იყო, რადგან მეტად სერიოზული პრობლემა წარმოიქმნა ქართველ ექიმთან, ბატონ გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან დააკავეს, და, რასაკვირველია, ქართული საზოგადოება ამის გამო მეტად შეშფოთებულია“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.  

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას წამოჭრა გაფრინდაშვილის უმოკლეს დროში გათავისუფლების საკითხი და რუსულ მხარეს სთხოვა, ხელი შეუწყონ პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას.  

„დავინახე როგორც ადამიანური შეშფოთება ამ საკითხის გამო, ისე პოლიტიკურად ადეკვატური რეაქცია. ვფიქრობ, საკითხი რუსული მხარის ხელშეწყობით მალე მოგვარდება“, – დარწმუნებულია პოლიტიკოსი. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგება? ბურჯანაძე მოსკოვში ანდრეი რუდენკოს შეხვდა

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე „საზღვრის დარღვევის“ გამო დააკავეს. გაფრინდაშვილი სოფელ სამთავისში იმისთვის გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის.

ემოციური ფონი

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოზიციით მოსკოვში მის გამგზავრებასთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში იგი მშვიდად შეხვდა დანარჩენი პოლიტიკური პარტიების უარყოფით რეაქციას. 

„საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციური ელიტა გაგებით მოეკიდა ამ ვიზიტს. იყო ემოციური გამონათქვამები ზოგიერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ წლების შემდეგ, როდესაც ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან, მიხვდებიან, რომ ჩემი ნაბიჯები მიმართულია მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობისკენ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“, – ხაზი გაუსვა მან.

საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვა საკითხებსაც, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

„მესიამოვნა იმის გაგონება, რომ რუსეთი გაგებით ეკიდება პრობლემებს, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს. მათ ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოს საშინაო საქმედ მიაჩნიათ და დაინტერესებული არიან იმით, რომ ეს საკითხი, კრიზისი, მოგვარდეს მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეთა შორის, ანუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გზით. რუსეთის ყველა წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ამ პროცესებში, რადგან ამას ქართული სახელმწიფოს და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების საქმედ მიიჩნევს“, – დაასკვნა პოლიტიკოსმა.

რთული ურთიერთობა

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.

ამჟამად დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0