რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგება? ბურჯანაძე მოსკოვში ანდრეი რუდენკოს შეხვდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული საქართველო – ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შორის მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურმა მოსკოვში ვიზიტის მიზნების შესახებ ისაუბრა

ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვეტილია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

„რუსული მხრიდან დადასტურდა დაინტერესება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის კუთხით  თბილისში უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოვლინდეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური პროცესები მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საქმეა.

„რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით“, – აღნიშნეს რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში.

ნინო ბურჯანაძე 3 დეკემბერს გაემგზავრა მოსკოვში ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით ვაჟთან ანზორ ბიწაძესთან ერთად, რომელიც მისი პარტიის მმართველობის წევრია.

უკვე გაიმართა შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ფედერაციის საბჭოში. დაგეგმილია მოლაპარაკებები სახელმწიფო სათათბიროში და სხვა შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთის წარმომადგენლის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0