გაძვირდება თბილისში „მარშუტკებით“ მგზავრობა? მერიის ახალი განცხადება

© Sputnik / Alexander Imedashviliყვითელი მიკორავტობუსი
ყვითელი მიკორავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მთავრობა ბევრ ვარიანტს იხილავს თბილისის მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, გარდა მგზავრობის საფასურის გაზრდისა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის მომატების საკითხი არ განიხილება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერია და კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნას ცდილობენ – დედაქალაქის მერია ყვითელი სამარშრუტო ტაქსების პარკის შეცვლას მოითხოვს, კერძო კომპანია კი ამტკიცებს, რომ მას საამისო ფინანსური რესურსი არ გააჩნია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტოპარკის განახლება მგზავრობის საფასურის გაზრდის გარეშე შეუძლებელია.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: შემიძლია წავიტრაბახო – თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება

გასულ კვირაში თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს კომპანიასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. ოთხშაბათს ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ კომპანიას მართლა არ მოეპოვება რესურსი პარკის გასაახლებლად და ამასთანავე პირობა დადო, რომ კვირის განმავლობაში პრობლემის გადაჭრის თაობაზე სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

„ჩვენ ყველა ვერსიას განვიხილავთ, გარდა ტარიფის მომატებისა. ფიქრობთ, რომ კახა კალაძემ არ იცოდა, გამოსავალი ტარიფის მომატებაშია თუ არა? ამიტომაც დამავალა რაიმე სახის სქემის შემუშავება. თორემ კალაძეც იტყოდა, რომ გავზრდით ტარიფს და მიკროავტობუსები შეიცვლება“, – განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან.

მანამდე კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა, რომ 2018 წელს კომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო ამორტიზებული მიკროავტობუსების შეცვლა, რის გამოც გაუარესდა მომსახურების ხარისხი.

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად მან ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდა დაასახელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიტყვებით, თბილისი მიკროავტობუსების გარეშე დარჩება.

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 0,8 ლარია, მოკლე მარშრუტზე კი 0,5 ლარი.

ადრე კალაძემ ფრანგული ორგანიზაცია Sistra-ს კვლევის შედეგები გაახმოვანა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თბილისისთვის აუცილებელია სამარშრუტო ტაქსები – ვიწრო ქუჩებში 8, 12 და, მით უმეტეს, 18-მეტრიანი ავტობუსები მოძრაობას ვერ შეძლებენ.

დღეისთვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება, რომლითაც დღის განმავლობაში 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0