წლების შემდეგ პროფესიონალ მეთოჯინედ ჩამოყალიბდა. საკუთარი თოჯინები საჯაროდ პირველად შარშან გაზაფხულზე გამოფინა თოჯინების თეატრში, სადაც ქართველ მეთოჯინეთა გამოფენა ჩატარდა. წელს, ნოემბერში კი წარმატებულად გამოვიდა მეთოჯინეთა საერთაშორისო ფესტივალში „Art Doll -2019“.
თუმცა თუკი ყველაფერი მაინც ბავშვობაში, ლამაზი ბანტით შეკრული სახატავი ალბომით და ასფანქრიანი ყუთით დაიწყო...
- ქალბატონო იზო, თოჯინებით გატაცებიდან-პროფესიონალ მეთოჯინემდე რა გზა გაიარეთ?
- თბილისში დავიბადე, მაშინდელ პლეხანოვის უბანში, დღემდე ყველაზე კარგად თავს ამ ადგილზე ვგრძნობ. 23-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, მერე თსუ ფიზიკის ფაკულტეტი. ვმუშაობდი კვლევით ინსტიტუტში "მიონი". მყავს ერთი შვილი, კინოს მხატვარი და ორი შვილიშვილი. ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან მიყვარს. მახსენდება, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუკი ბანტით შეკრული სახატავი ალბომი და ასფანქრიანი ყუთი მქონდა. თოჯინებამდე კი, ვფიქრობ, რომ მაინც ძერწვამ მიმიყვანა.
- დღეს ქართველ მეთოჯინეთა ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხართ...
- ბოლო წლებში ჩვენი მეთოჯინეების ყველა გამოფენაზე ვიყავი, თითოეულ მათგანს ონლაინ ვცნობდი, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებულ ამ ოჯახში შეჭრა ყოველთვის მერიდებოდა. „Здравствуйте, я ваша тетя“-ასეთი რამ ადვილად არ გამომდის. მიხარია, რომ დღეს უკვე შევიძინე ბევრი ისეთი ახალი მეგობარი, ვისთანაც საერთო საყვარელი საქმე მაკავშირებს... ჩემი პირველი თოჯინა ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთე. დაახლოებით ოცი წლის წინ, როცა პირველად ფიმოს და თვითშრობადი თიხის მსგავსი სხვა საძერწი თიხა აღმოვაჩინე. სამწუხაროდ, პირველი თოჯინების ფოტოები არ შემომრჩა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ ეს იყო ქალი მარაოთი და შლაპით, რომელიც მოგვიანებით მეგობარს ვაჩუქე. ძირითადად ეთნოგრაფიულ თოჯინებს ვაკეთებდი. შემდეგ, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარემოებების გამო მრავალწლიანი ტაიმ-აუტი გამომივიდა. ორი წლის წინ ამ საქმეს ისევ მივუბრუნდი. ვფიქრობ, ჩემს ქვეცნობიერს ის სულ უყვარდა. იმ პერიოდში ოცამდე თოჯინა მაქვს გაკეთებული.
- ხშირ შემთხვევაში, თქვენი თოჯინები ზღაპრული პერსონაჟებია თუ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი?
- ვერ ვიტყვი, რომ ისინი ზღაპრული პერსონაჟებია, ყველაზე მეტად ჩემთან ახლოს არის სევდიანი პიერო -ვარდით ხელში. თუმცა ეს უფრო ცალკე მდგომი, განყენებული პერსონაჟია და არა ზღაპრის პერსონაჟი. რეალური პერსონაჟები არასდროს გამითოჯინებია. მახსოვს, სახალისო იყო, როცა ჩემი ერთი გაპრანჭული თოჯინა გოგოს სახე, ლოყაზე ნაჩვრეტით, მიამსგავსეს ჩემს უმცროს შვილიშვილს, სანდროს, რომელსაც მაშინ ბაბუაწვერასავით კულულები ჰქონდა. მოგვიანებით ჩემს ნამუშევრებში იაპონური თემა იმიტომ გაჩნდა, რომ ზოგადად, მათი ჩაცმულობა და ვარცხნილობა ყოველთვის მომწონდა.
- მუშაობის დროს ყველაზე სასიამოვნო ეტაპი რომელია თქვენთვის?
- ყველაზე მეტად თოჯინების მორთვა-მოკაზმვა და მათთვის ვარცხნილობისა და მაკიაჟის გაკეთება მიყვარს. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვთვლი, რომ პროფესიონალ მეთოჯინემდე ჯერ კიდევ არ ვარ მისული, მაგრამ ამ ორ წელიწადში რაღაც წარმატებებს მივაღწიე და მიხარია. რაც შეეხება გამოფენებს, წლების წინ, თბილისში გამართული თოჯინების ყველა პერსონალურ გამოფენაზე დავდიოდი. განსაკუთრებულად კარგად მახსოვს ელენე წითლანაძის არაჩვეულებრივი გამოფენა.
- სამუშაო მასალად ალბათ თქვენც ფიმოს იყენებთ...
- არა მარტო ფიმოს, თოჯინების გასაკეთებლად პაპიე მაშეს და თაბაშირსაც ვიყენებ. ბოლო წლებში გაკეთებული თოჯინებიდან რამდენიმე გაიყიდა, დანარჩენები სალონებშია, სახლში ფაქტიურად არცერთი მაქვს. ზოგადად მენეჯმენტსა და რეკლამაში აშკარად მოვიკოჭლებ.
- პროფესიით ფიზიკოსი ხართ და ამაზეც მინდა გკითხოთ, როგორც წესი, ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებული კასტააო, ალბათ თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- რა თქმა უნდა ვეთანხმები- ეს ცნობილი ფაქტია, ოღონდ მას საკუთარ თავზე არ განვავრცობ. იცით, რატომ წავედი ამ მიმართულებით? -ჩემი და სწავლობდა კარგად და მან ფიზიკურზე ჩააბარა, ასე მოხდა ჩემი ძმის შემთხვევაშიც. ეს საგანი არც მე მიჭირდა, ამიტომ მეც ამ გზას გავყევი. თუმცა სწავლის იმ ხუთ წელს და ამ სფეროში მუშაობის წლებსაც დაკარგულად ვთვლი. ქართულის მასწავლებელი ერთი წელი არ მელაპარაკებოდა როცა ქუჩაში მხვდებოდა, რადგან კარგად ვწერდი და ფილოლოგიურზე არ ჩავაბარე. რაც შეეხება ფიზიკოსებზე თქვენ კითხვას: ცნობილია, რომ ამ პროფესიის ხალხს ყველაზე კარგი იუმორის გრძნობა აქვს და დიდი ესთეტებიც არიან. ისე, იუმორი არც მე მაკლია.
- დღევანდელი გატაცება იმ წლების გამოძახილიც ხომ არ არის?
- ფიზიკურზე სწავლა ჩემთვის მაინც წვალება იყო, მაგრამ სამაგიეროდ კურსზე ისეთი კარგი საზოგადოება შევიკრიბეთ, რომ ეს შეგრძნება ამან გააქარწყლა. ფიზიკოსები მართლა სხვანაირი ხალხია, გონებაგახსნილები, თანაც, ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამენ. ადრე წიგნები გამოდიოდა დასახელებით -„ფიზიკოსები ხუმრობენ“. ბევრი ძალიან საინტერესო ლექტორი და თანაკურსელები მყავდა- სხვანაირი აზროვნების ხალხი. იმ წლებიდან ბევრი საოცარი მოგონება მომყვება, ალბათ თოჯინების სამყაროში დასახლების სურვილი, ნაწილობრივ, მაშინ დაგროვილი ლამაზი ემოციების შედეგიცაა...