თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს““ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, იუწყება პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს გამართული კონტრაქციების დროს არავინ დაუკავებიათ. სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში ხუთი ადამიანი გადაიყვანა. მათგან ორი ინგოროყვას კლინიკაში, ხოლო სამი „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოათავსეს. ამჟამად აქცია დასრულებულია, ტერიტორიას უკვე ტოვებენ სამართალდამცველებიც.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები დღეს საღამოს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ მცხეთაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოხდა შეხლა-შემოხლა, ისმოდა გინება.
მცხეთაში ჩხუბის დროს დაშავებული ორი მოქალაქე საავადმყოფოში იმყოფება >>
დღეს მცხეთაში ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის უფლება ხელისუფლების მომხრეებმა არ მისცეს.
ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ახალგაზრდული მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი მოვლენების ადგილიდან, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა.