თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკის წლიური შეკრება 2021 წელს საქართველოში გაიმართება, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა.
აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდები გამოუშვა>>
„2015 წელს თბილისში ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი არის ბევრად უფრო მასშტაბური როგორც მონაწილეების რაოდენობით, ისე იმ ღონისძიებებით, რომლებიც გაიმართება წლიური შეხვედრის ფარგლებში. ეს არის 2021 წლის მაისში და ამისთვის ვიწყებთ სერიოზულ მზადებას", – განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოთხშაბათს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან 150 მლნ ევროზე.
„ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთის – რიკოთზე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის ყველაზე კომპლექსური ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის", – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა დააზუსტა, რომ ეს არის 14 ხიდი და 12 გვირაბი ძალიან პატარა მონაკვეთზე, მაგრამ ის ნამდვილი გარღვევა გახდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროცესში.
„ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი და იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს უჭერს 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ ხნის მანძილზე საქართველოსთვის გაცემული კრედიტების საერთო რაოდენობა 2,8 მლრდ დოლარს შეადგენს.