თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩია, არ წავიდეს „უსაფუძვლო დათმობაზე“ „ნორმანდიული ფორმატით“ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, იუწყება „Sputnik–ლიტვა“.
„მოლაპარაკებებზე ვუსურვეთ წარმატება მოლაპარაკებაში გაწაფულ საკმაოდ ძლიერ პარტნიორთან, ვურჩიეთ, არ წავიდეს ისეთ დათმობაზე, რომელიც უსაფუძვლო იქნებოდა“, – განაცხადა ნაუსედამ.
ამასთან, ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დათმობა შეიძლება იყოს მოსკოვის მხრიდანაც, რადგან „მხოლოდ ამას შეიძლება ეწოდოს მოლაპარაკება“. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების შედეგები დონბასში დაძაბულობას შეამცირებს და „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს“.
ზელენსკი კი ნაკლებ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, იგი არ ელოდება დამდეგი შეხვედრისგან დიდ გამარჯვებას ან ომის „ხვალვე“ შეწყვეტას. ამის მიუხედავად, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ როგორ შეიძლება სინამდვილეში ომის შეჩერება.
„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი 9 დეკემბერს პარიზშია დაგეგმილი. მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები. მხარეები განიხილავენ მინსკის შეთანხმების შესრულებისა და დონბასში ვითარების მოგვარების საკითხებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა 2014 წლიდან დაიძაბა. ოფიციალური კიევი მოსკოვს ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში მონაწილეობაში ადანაშაულებს. რუსეთის ხელისუფლება ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.