ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება

გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცის, ქართველი პროგრამისტის, გეგა ნიჟარაძის ლონდონურ ცხოვრებას გაგაცნობთ.

ბავშვობაში როგორც ყველა, ისიც კომპიუტერით იყო გატაცებული, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ეს გატაცება საყვარელ საქმედ და პროფესიად აქცია. 2004 წელს სასწავლებლად ბრიტანეთში ჩავიდა. თავიდან ლონდონის სანდერლენდის უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის სკოლის (STM / LSC.) ბიზნეს-ადმინისტრაციის მენეჯმენტზე სწავლობდა, შემდეგ სწავლა კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე გააგრძელა.

სწავლის შემდეგ ადრინდელი ოცნება აისრულა და გარკვეული პერიოდი „Facebook“-ში იმუშავა. ამჟამად კომპანია „Sony Playstation“-ის პროგრამისტია. მისი ნამუშევრები პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებშია დაბეჭდილი.

© photo: courtesy of Gega Nizharadzeგეგა ნიჟარაძის შემოქმედება
ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება - Sputnik საქართველო
გეგა ნიჟარაძის შემოქმედება

- გეგა, უცხოეთში წასვლა თუ შედიოდა თქვენს გეგმებში?

- საზღვარგარეთ წასასვლელად სკოლიდანვე ვემზადებოდი, ამიტომ ინგლისურ ენას ბავშვობიდან, ექვსი წლიდან ვსწავლობდი. კომპიუტერთან მუშაობაც პატარაობიდან მაინტერესებს. მართალია ძირითადად კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი, მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა პროგრამების გარჩევა და კომპიუტერული ქსელებიც მიტაცებდა. ყველაზე მეტად Photoshop-ში მუშაობა შემიყვარდა. ჩემი მომავალი საქმიანობაც ამან განაპირობა. სტუდენტური პერიოდი, ალბათ, როგორც იმ დროს ყველა სტუდენტმა, მეც ფინანსურ კრიზისში გავატარე. ვცილობდი, რომ სწავლის პარალელურად რაღაც სამსახურები მეშოვნა. ამიტომ ხან მიმტანად ვმუშაობდი რესტორანში, ხან ავეჯის გადაზიდვის სერვისში -მუშა ხელად, ხან კი ქუჩებში ფლაერებს ვარიგებდი. ვცდილობდი, რომ  ოჯახს ფინანსურად შევხიდებოდი და თუნდაც ჩემი კვების ან მგზავრობის ფული გადამეხადა.

- თინეიჯერი იყავი როდესაც ლონდონში ჩახვედით, ეს რისკიც იყო ალბათ?
- ლონდონში ჩემს ბიძაშვილთან ერთად ჩავედი. მე ვიყავი 17 წლის, ის კი 16-ის. ჩამოვედით უცხო გარემოში და ეს უზარმაზარი ქალაქი ამ ორ პატარა ბავშვს შემოგვეგება. პირველ დღეებში ერთი-ორჯერ დავიკარგეთ კიდეც. ეს რისკიც იყო, რადგან თვითონაც არ ვიცოდი როგორ გავართმევდი მარტო ცხოვრებას თავს. მე არ ვიყავი მდიდარი ბიჭუნა შეძლებული ოჯახიდან ლონდონში რომ მესწავლა, ამიტომ ჩემი იქ ჩასვლა მშობლებს დიდ ფასად დაუჯდათ, ბევრ რამეზე მოუწიათ უარის თქმა, მათ შორის უძრავ ქონებაზეც... მე რა თქმა უნდა ვგრძნობდი ამ დიდ პასუხისმგებლობას. შეიძლება ბავშვურად გამომივიდეს, მაგრამ  ოცნებად მქონდა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, რომ ჩემს მშობლებს ჩემით ეამაყათ.

© photo: courtesy of Gega Nizharadzeგეგა ნიჟარაძის შემოქმედება
ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება - Sputnik საქართველო
გეგა ნიჟარაძის შემოქმედება

- დღეს როგორ იტყვით, რთულია უცხოეთში ცხოვრება?

 - როცა საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტებზე ამბობენ: „იმას რა უჭირს, მაგარ ქვეყანაშია“- ძალიან ცუდ ტონად მიმაჩნია. ერთია როდესაც ფინანსურად გიჭირს და სამშობლოში ხარ, მეორე, როდესაც ფინანსურად გიჭირს და საზღვარგარეთ ხარ. სამშობლოში სადაც მშობელი, და, ძმა, მეგობარი, ნათესავი და ახლობელი გყავს, ასე თუ ისე იმედიანი ხარ. საზღვარგარეთ კი ფაქტის წინაშე დგები, რომ შენი ახლობელი ხალხი ზურგს ვერ გიმაგრებს, პირიქით - შენ უნდა იყო შენი მშობლების, დის, მეგობრების იმედი - ეს კი ძალიან რთულია...

- უკან დაბრუნების საკითხი თუ დამდგარა დღის წესრიგში?  

- როგორც ყველას, 2008 წელი ჩემს ოჯახსაც ფინანსურად ცუდად შეეხო. აი, მაშინ გაჩნდა ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი, რადგან თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა იმის შეგრძნებას, რომ ვერ გავამართლე და ის პასუხისმგებლობა რაც მეკისრა, ასე ვთქვათ, ბოლომდე ვერ შევასრულე. სწორედ იმ პერიოდში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა ვებ-პროგრამირების განხრით, სადაც დღეში £5 მიხდიდნენ. ჭამაზე- დღეში 1.5 ფუნტი მყოფნიდა. ამასთან მეგობრების ვალიც მქონდა გასასტუმრებელი და საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი. ამ ყველაფერთან ერთად, მახსოვს, რომ ზუსტად მაშინ გადაუხდელობის გამო ტელეფონიც ორმხრივად გამითიშეს. მოხდა ისე, რომ ჩემმა სტაჟიორობამ შედეგი გამოიღო და სხვა, შედარებით უკეთეს ადგილას დავიწყე სტუდენტური სამსახური კვლავ ვებ პროგრამირების განხრით, სადაც უფრო მეტი მქონდა ანაზღაურება. ვალებიც გავისტუმრე და ტელეფონიც ჩავრთე.

© photo: courtesy of Gega Nizharadzeგეგა ნიჟარაძის შემოქმედება
ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება - Sputnik საქართველო
გეგა ნიჟარაძის შემოქმედება

- რამდენად შეგძინათ იმ წლებმა გამოცდილება?
- გამოცდილების დაგროვება მომდევნო ორ წელს შევძელი. ცოდნაც კიდევ უფრო გავიღრმავე ამ სფეროში და 2011 წელს full time სამსახურიც ვიშოვე ერთ სააგენტოში, სადაც L’Oreal-ის საიტებზე ვმუშაობდი. შემდეგ კიდევ რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, კიდევ უფრო ბევრი ვისწავლე, უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვე. ჩემი ერთ- ერთი (და ალბათ ძალიან ბევრი პროგრამისტის) ოცნება ავიხდინე და მოკლევადიან კონტრაქტზე “Facebook“-ში დავიწყე მუშაობა. ამის მერე გავაგრძელე კონტრაქტორობა და ამჟამად „Sony Playstation“-ში ვმუშაობ პროგრამისტად. თქვენთან საუბარში ახლა ძალიან ბევრი რამ გამახსენდა და ძველი დრო მომენატრა... ამჟამად ლონდონში ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად, რომელიც გრაფიკოს დიზაინერია და საკმაოდ წარმატებულად იწყებს ლონდონურ ცხოვრებას.  

- მოდი, ვახსენოთ ის ადამიანი, რომელმაც პირველმა გაგაცნოთ და შეგაყვარათ ეს ქალაქი...

- ინგლისის სამეფო კარის დიდი გულშემატკივარი, 55-ე სკოლის დირექტორი და გეოგრაფიის მასწავლებელი, გია ჭანტურია, რომელიც შარშან გარდაიცვალა, ჩემი ნათლიის ძმა იყო. მას ბავშვები ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ დაჰყავდა ლონდონში. გიას სასწავლო-შემეცნებითი პროგრამით, 1999 წლის ზაფხულში ლონდონში მეც წამოვედი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ინგლისის ისტორიაში გასეირნება. მან ისე დეტალურად და საინტერესოდ აგვიხსნა და დაგვათვალიერებინა ყველაფერი, რომ ის დღეები სასიამოვნოდ და სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. 2004 წელს როდესაც არჩევნის წინაშე ვიდექი: ან ლონდონში უნდა წამოვსულიყავი ან გერმანიაში, იმ შთაბეჭდილებების მერე აქ ბევრად უფრო შინაურად ვიგრძნობდი თავს. ამიტომ მისი მუდამ  მადლობელი ვიქნები...

© photo: courtesy of Gega Nizharadzeგეგა ნიჟარაძე
ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება - Sputnik საქართველო
გეგა ნიჟარაძე

- ვიცი, რომ გადაწყვიტეთ თქვენს სფეროში საკუთარი გამოცდილება ქართველებისთვის გაგეზიარებინათ, მაგრამ...
- დაახლოებით 2015 წელს ამეკვიატა აზრი, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველი პროგრამისტებისთვის გამეზიარებინა. მინდოდა ამ სფეროს განვითარებაში ჩემი ძალიან მცირე წვლილი მაინც შემეტანა. ამიტომ YouTube-ზე ვიდეო გაკვეთილების ატვირთვა დავიწყე. სამწუხაროდ ამას არც ისე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დღეს მაინც ვცდილობ, რომ ამ საქმისთვის თავისუფალი დრო გამოვნახო. ჩემი Photoshop-ისადმი სიყვარულიც უშედეგო არ გამოდგა და როცა მუზა მომაწვება, ფოტო-მანიპულაციებს ვაკეთებ ხოლმე. გული მწყდება, რომ საქართველოში ეს სფერო არ არის ისე განვითარებული, როგორც უნდა იყოს, არადა ჩვენთან ძალიან ბევრი კარგი პროგრამისტია. ლონდონში რომ იტყვიან, ეს სფერო ყვავის.

-ამბობენ, მზიანი ქვეყნიდან ჩასულ ქართველებს ნისლიან ალბიონში, უმეტესად ღრუბლიანი და პირქუში ამინდი განწყობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნისო. თქვენ შემთხვევაში თუ არის ასე?

- სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არ მიგრძვნია. ყოველთვის მიკვირდა რატომ ასოცირდება ლონდონი ცუდ და პირქუშ ამინდთან. აქ ამინდი არც თუ ისე წვიმიანი და მოღრუბლულია, როგორც მოიხსენიებენ. თუმცა ძალიან ცვალებადია, ამიტომ ამინდის პროგნოზის ნახვას აზრი თითქმის არ აქვს. გასული რამდენიმე წელი განსაკუთრებით შეცვლილია კლიმატი - ზაფხული დაახლოებით აპრილის ბოლო პერიოდში იწყება და აგვისტოს, ზოგჯერ სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ლონდონის ახლანდელი ნისლი რა თქმა უნდა ვერ შეედრება მე-18 -ან მე-20-ე საუკუნისას, ძირითადად რატომაც უწოდებენ ნისლიან ალბიონს. თუმცა ზოგჯერ ზამთარში, დილით ძალიან ადრე, ან ღამე, ისეთი ნისლი ჩამოწვება ხოლმე, რომ თავი ჯეკი მფატრავის დროინდელ ლონდონში მგონია...

© photo: courtesy of Gega Nizharadzeგეგა ნიჟარაძე სპორტდარბაზში
ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება - Sputnik საქართველო
გეგა ნიჟარაძე სპორტდარბაზში

- გამოთქმა ინგლისური იუმორი თუ შეიგრძენით ასე, ახლო დისტანციაზე?

- ნამდვილი ბრიტანული იუმორის დიდი „ფანი“ ვარ. ისეთის, როგორიც გვხვდება მაგალითად Guy Ritchie-ს ან Edgar Wright-ის ფილმებში, ასევე Frank Oz-ის 2007 წლის ფილმში „Death at a Funeral“, ან ისეთ ბრიტანულ სკეტჩ-შოუებში, როგორიც არის -Big Train, Man Stroke Woman, The Wrong Mans და ასე შემდეგ. ის გამოირჩევა სარკაზმით, სატირით, შავი იუმორით და ზოგჯერ აბსოლუტური აბსურდით. ალბათ ეს უკანასკნელი Charlie Chaplin-მაც კარგად დაგვანახა. თუმცა ყოველდღიურ დიალოგებში ნამდვილად არის მომენტი, რასაც ჩვენ ინგლისურ ხუმრობას ვეძახით, როდესაც ვერ ვხვდებით რა ითქვა სასაცილო. ჩვენ ანეკდოტის მოყოლა ვიცით, აქ კი ეგრეთწოდებული “Knock Knock” ხუმრობები იციან. დღემდე ვერ შევძელი ამ ტიპის ხუმრობებზე ბუნებრივად გაცინება და მქონია შემთხვევები, როდესაც უხერხული სიტუაციის გამო ძალით მიცინია კიდეც...

-კითხვა, რომელსაც ალბათ ახლობლებიც გისვამენ: სამშობლოში თუ დაბრუნდებით?

-სამწუხაროდ ჩემი პროფესია საქართველოში ისეთი მოთხოვნადი არ არის და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ იქნება, როგორიც აქ. შესაბამისად ჩემი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის აქ ცხოვრება ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას მთავაზობს. მიუხედავად ამისა, ჩემს სამშობლოს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. სამსახურში, საქართველოზე პრეზენტაცია გავაკეთე. რამდენი  სამსახურიც გამოვიცვალე, თანამშრომლები ყველა მათგანიდან ქართულ რესტორანში დამყავდა. ჩემი პატარა სტატისტიკის თანახმად, ყველასათვის საყვარელი კერძი აჭარული ხაჭაპურია. ჩემს აქაურ მეგობრებს საქართველოში ყოველ წელს ვეპატიჟები ხოლმე.  სხვათაშორის, ორ მათგანს გაისად დავაგეგმინე კიდეც “საქართველოში გასეირნება”. თავად წელიწადში ოთხჯერ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას. დიდი შვებულება სამშობლოში დაბრუნების გარეშე ვერც წარმომიდგენია...

ყველა ახალი ამბავი
0