ცაგერში მოკლული ერთ-ერთი პოლიციელი „ქართული ოცნების" დეპუტატის სიძეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივების ცნობით, პოლიციელები, რომლებმაც გუშინ სოფელ ლაჯანაში ერთმანეთი ჩახოცეს, ბავშვობის მეგობრები იყვნენ.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. გუშინ ღამით ცაგერში მოკლული ერთ-ერთი პოლიციელი რომეო მანდარია „ქართული ოცნების" დეპუტატის კარლო კოპალიანის ძმის შვილის ქმარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

სოფელ ლაჯანაში გუშინ ორმა პოლიციელმა - მანდარიამ და გიორგი ონიანმა - ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთი ჩაცხრილა. თვითმხილველების ცნობით, პოლიციელებმა სახელმწიფო უწყების ეზოში იჩხუბეს, შემდეგ კი ერთმანეთს სამსახურეობრივი იარაღიდან ესროლეს. ინცინდენტის დროს პოლიციელის ტყვიით დაიჭრა გამვლელი - 65 წლის მამაკაცი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი დახოცეს

ერთი პოლიციელი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე - საავადმყოფოში მიყვანისთანავე, ხოლო დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

სოფელ ლაჯანის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, სამართალდამცველები ბავშვობის მეგობრები იყვნენ, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში კი დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით კი ობიექტს დაცვა არ ჰყავდა და მათთვის უცნობია, რა მოხდა სახელმწიფო უწყების შენობასთან.

ცაგერის საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, პოლიციელს, რომელიც საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა ფერდის, იღლიისა და ბარძაყის არეში.

გარდაცვლილები ამ დროისთვის უკვე გადაასვენეს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოტივით იმყოფებოდნენ პოლიციელები საზოგადოებრივ ცენტრთან, რატომ ჰქონდათ მათ თან სამსახურებრივი, ტაბელური იარაღი და მონაწილეობდნენ თუ არა ინციდენტში სხვა პირებიც.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0