თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარს აღწევდა.
კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.
„მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება", - განაცხადა მერმა.
თბილისის მერის განცხადებით, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. არის ორი ძირითადი მიმართულება - ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ.